ქართულმა სააგენტოებმა ამგვარი ინფორმაცია გაავრცელეს ამერიკული ჟურნალის სტატიის შესახებ:
„სტატია ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდას ეხება და აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანს საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება გაურთულა, მაგრამ ირანელი ბიზნესმენები მიილტვიან საქართველოსკენ, რომელიც უკვე დიდი ხანია, აშშ-ის მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან 1 500-მდე გაიზრადა.
Wall Street Journal-ის სტატიის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში ირანელებმა კერძო ქართული ავიაკომპანიის, ძირითადი სავაჭრო ბანკისა და ლითონის ქარხნის სადავეები აიღეს, ირანული ენა ხშირად ისმის ღამის თბილისის კაზინოებშიც.
Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე მოყვანილი იყო აშშ-ის ხაზინის ოფიციალური პირის, დევიდ კოენის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკა ორიენტირებულია, აღკვეთოს ირანის მიერ სანქციების თავიდან აცილების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის შესძლო ბიზნესკავშირებით საქართველოში.
Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშინ განცხადება გაავრცელა.
"სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე ვხედავთ ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს. ბოლო წლებში ირანის მიერ საქართველოში სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების გამო შეერთებული შტატების შეშფოთება გაიზარდა. შეერთებული შტატების წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში“.
თავისთავად, აღმაშფოთებელია საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორის“, ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი უხეში ჩარევა საქართველოს ურთიერთობებში უცხო ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ისტორიულ მეზობელთან. ქართულ-ირანული ურთიერთობები არსებობდა ასობით და ათასობით წელი მანამდე, ვიდრე აშშ წარმოიქმნებოდა მსოფლიო რუკაზე. მით უმეტეს, არავითარი „კრიმინალი“ ამ ურთიერთობებში არაა და საუბარია მხოლოდ ირანის ინვესტიციებზე საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკაში. ყველას მოეხსენება, თუ რაოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას საგარეო ინვესტიციები. ასევე, ირანიდან ყოველწლიურად შემოდის ათეულობით ათასი ტურისტი, რომლებიც მილიონობით დოლარს ხარჯავენ საქართველოში.
ირანი და საქართველო არ აწარმოებენ სამხედრო ან სხვა სახის თანამშრომლობას, რაც შეიძლებოდა ამერიკის შეშფოთების საგანი გამხდარიყო. რაც შეეხება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციების დიდ ნაწილს, ისინი, საერთაშორისო სამართლის თანახმად, არაკანონიერია, რადგან არ არის სანქცირებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, ამიტომ საქართველოს არ გააჩნია იურიდიული ვალდებულება, შეუერთდეს ამერიკის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ სანქციებს.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გააკეთა კომენტარი ამ სტატიებზე და აღნიშნა, რომ ისინი დაკვეთილ სტატიებს ჰგვანან, გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სრულიად გამჭვირვალეა ამ საკითხში და ამერიკის მხარეს არ აქვს მის მიმართ პრეტენზია. იგივე აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაშიც, რომელიც ამ მხრივ პრეტენზიებს უფრო წინა ხელისუფლებას უყენებს.
ამჟამად ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ გავლენიანი ამერიკული ჟურნალების კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება აპირებს ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რომელიც 2011 წელს იქნა შემოღებული. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ახსნან მთელი რიგი სხვა ქვეყნებისთვის საქართველოში შემოსვლის პირობების გამკაცრებით, თუმცა, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ირანთან საქართველოს ორმხრივად უვიზო მიმოსვლა აქვს (ანუ, ირანში ჩასვლაც უვიზოდ შეიძლება) და ირანიდან საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდის ( არა მხოლოდ გაურკვეველი საქმიანობის ახალგაზრდები, როგორც მთელი რიგი აფრიკული და აზიური ქვეყნებიდან). ირანთან სავიზო რეჟიმის შემოღება, სავარაუდოდ, მკვეთრად შეამცირებს ამ ქვეყნის ინვესტიციებს და ტურისტების ნაკადს საქართველოში.
თუ ეს მოხდა, ჩვენი აზრით, ამგვარი ნაბიჯი, თუ ის გადაიდგა, შეცდომა იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. დღეს, მით უმეტეს, არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისთვის პოლიტიკური საფუძველი, როცა ირანში ჩატარებული არჩევნების შედეგად, პრეზიდენტად აირჩიეს ზომიერი შეხედულებების კანდიდატი, რომლის არჩევას მიესალმნენ თავად აშშ-სა და ევროპის პოლიტიკოსები.საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების დაცვა, დაბალანსებული პოლიტიკა და არა ამერიკის პოლიტიკის ფარვატერში ბრმად მიყოლა.
გიორგი ვეკუა
http://geurasia.org/geo/1444/ashsh-saqartveloze-zecolas-ganagrdzobs.html