ოკუპირებულ გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა და ვერც ერთ წინასწარ დაგეგმილ საკითხზე საუბარი ვერ მოხერხდა.
ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, ვინმე გარი ჯოპუას თემა იყო. როგორც შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ეს არის აფხაზი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ოქტომბერში გაუჩინარდა, სხვა დეტალები მისთვის უცნობია. მისი ცნობით, შეხვედრის დროზე ადრე შეწყვეტის გამო, ამ საკითხზე დამატებითი დეტალების გარკვევა ვერ მოხერხდა.
უტიაშვილმა არ დააზუსტა, თუ რა გახდა შეხვედრის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზი.
ამასთან დაკავშირებით, საქინფორმმა სცადა შოთა უტიაშვილთან დაკავშირება, მაგრამ უტიაშვილი არც ჩვენი და არც სხვა მედიის წარმომადგენლების ტელეფონის ზარს არ პასუხობს.