საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ბოლო დღეებში ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე განსჯის საგნად იქცა. ერთ-ერთი მათგანი პატიმარ ა.მ.-ს წერილია, რომელიც იხსენებს, თუ როგორც ეპყრობოდნენ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში: „მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ…, მაგის დედა ვატირე!“