საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად ა.წ. 23 ივნისს ივენთ ჰოლში "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" პრეზენტაციას და საზეიმო კონცერტს დაესწრო.
კონცერტის დასრულების შემდეგ ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ კათოლიკოს პატრიარქს და პრემიერ-მინისტრს ფონდის სიმბოლო - დემოგრაფიული ხე გადასცა."მე მშობლების მეშვიდე შვილი ვარ. 7 ბედნიერი რიცხვია და ბედნიერია ის მშობელი, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს" - ბრძანა პატრიარქმა. მისი თქმით, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის დაბალი კულტურის ამაღლებას, რისთვისაც, პატრიარქი გამოდის ინიციატივით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შევიდეს საგანი - მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის. პატრიარქმა ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დასაბრუნებლად კურთხევა მისცა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ლოცვა- კურთხევით, ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარება გამოსწორდება.
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
დარბაზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ავღანეთში დაღულუპულ მებრძოლებს.