კომისიის წევრები: გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების განადგურების მომხრე არიან.
„პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სასწრაფოდ უნდა განადგურდეს და ჩვენი შეთანხმებით, ეს მოხდება კვირას 15 საათზე", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ვთქვით სიტყვა, დავდეთ პირობა, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით. თუ ვინმე შეცვლის თავის აზრს, ეს მისი პრობლემაა“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
განსხვავებულ პოზიციაზეა არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ვიდეოჩანაწერების „განადგურება არ შეიძლება მანამ, სანამ არ დადგება პასუხისგების საკითხი იმ ხალხის, ვინც აკეთებდა და მონაწილეობდა ამ დანაშაულში. არ უნდა განადგურდეს იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს არის მტკიცებულება მათი დანაშაულებრივი საქმიანობის“.
შეხვედრას ესწრებიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სამოქალაქო სექტორის 3 წარმომადგენელი.