საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ინტერვიუს რუსეთის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოსთან.
- ბატონო ვიაჩესლავ, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას თქვენ რუსეთის ელჩი იყავით საქართველოში. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. თქვენი აზრით, შეიცვალა ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი? საქართველოს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, როგორ გესახებათ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების პერსპექტივები?
- იმას, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო, გამართლება არ აქვს. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ხდება გამოფხიზლება ქართული საზოგადოების იმ ნაწილშიც კი, რომელიც იმხანად სააკაშვილს უჭერდა მხარს. ამასთანავე, ხდება გააზრება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ორ მართლმადიდებელ ერს - რუსებსა და ქართველებს შორის მჭიდრო, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა.ხშირად ვფიქრობ, რატომ მოხდა ჩვენს ურთიერთობაში ასეთი ტრაგიკული მოვლენა. ხომ იყო მაშინ მრავალი საუბარი საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, გაფრთხილებები სამხედრო ძალის გამოყენების დაუშვებლობაზე? რა გახდა ამ უბედურების მიზეზი, საიდან მოვიდა ეს მტრობამდე მისული გაბრაზება? რა თქმა უნდა, იყო სიღრმისეული მიზეზები საბჭოთა კავშირის დაშლასთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წარმოშობასთან დაკავშირებით. პარალელურად აგორდა მცირე ერების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტალღა. ამ მოძრაობებმა, ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების ფონზე, ააფეთქა სამხრეთ კავკასიის რეგიონი. მეორე მხრივ, გახდა რა სუვერენული სახელმწიფო და დაკარგა საბჭოთა კავშირის ფარგლებში არსებობის ჩვეული საშუალება, საქართველოს დასჭირდა საგარეო დახმარება და მხარდაჭერა. გამოჩნდნენ ათასი ჯურის «კეთილისმსურველები», არამკითხე მრჩევლები, ხოლო იმხანად და შემდგომ ხელისუფლებაში მყოფ პირებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ მთავარი წარსულის მდიდარი მემკვიდრეობიდან. რუსეთი უცებ აღქმულ იქნა, როგორც ერთგვარი მტრული ძალა, რომელიც თითქოს ისწრაფვის, აღადგინოს თავისი იმპერია და ხელს უშლის პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის განვითარებას. ამ ფონზე გაჩნდა ცნობილი ანტირუსული ლოზუნგებიც. ამ ხაზმა პრიორიტეტული განვითარება შევარდნაძის მმართველობისას მიიღო, ხოლო სააკაშვილის მიერ უსაზღვრო ცინიზმამდე იქნა აყვანილი, შედეგად ქვეყანა უფსკრულის პირას აღმოჩნდა.
არ მსურს და არ შემიძლია ის კურსი მთელ ქართველ ხალხთან გავაიგივო, რადგან ვიცი, რომ ეს ასე არ არის. მახსენდება 2008 წლის გაზაფხულზე ქუთაისის შორიახლოს, გზისპირას გლეხთან საუბარი, მან თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: «რუსებო, ნუ წახვალთ საქართველოდან». ეს იყო უბრალო, გულწრფელი, მაგრამ ღრმა შინაარსის, მოსალოდნელი ტრაგედიის ერთგვარი წინასწარმეტყველების შემცველი სიტყვები, ტრაგედიისა, რომლის თავიდან აცილება მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა. მათში იგრძნობოდა ხალხის შფოთვა საქართველოს ბედზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ქვეყნის მომავალზე.
დაინახა რა, რომ ქვეყანა მიდის დამღუპველი კურსით, ხალხი დაირაზმა და სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია მეორეს პატრიოტული მოწოდებით შთაგონებულმა მხარი დაუჭირა თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეს _ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოითხოვა და მოახერხა კიდეც დისკრედიტებული ხელისუფლების შეცვლა. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ კურსში პოზიტიური ცვლილებების შეტანა, მისი გამართვა დაეხმარება საქართველოს კრიზისიდან გამოსვლაში, შექმნის პირობებს ორ
მართლმადიდებელ სახელმწიფოს _ საქართველოსა და რუსეთს შორის ბუნებრივი ურთიერთობების აღდგენისთვის.
- თქვენი აზრით, როგორ წარიმართება რუსეთ - საქართველოს ურთიერთობათა აღდგენა?
- არა მგონია, რომ ეს მყისიერად მოხდეს. ვეთანხმები მათ, ვინც თვლიან, რომ მოცემულ ეტაპზე ძირითადი ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებზე უნდა გამახვილდეს. საჭიროა, აღვადგინოთ ნდობა ორ ქვეყანას შორის და ამ პროცესში, დარწმუნებული ვარ, დიდი როლი უნდა ითამაშონ რუსულმა და ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. მათ ბრძენი ადამიანები მართავენ, რომლებმაც იციან სიცოცხლისა და სიკვდილის, მშვიდობისა და ომის ფასი, ისინი ორ მართლმადიდებელ ერს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის ჭეშმარიტი ქომაგები არიან. მართებულია, რომ აფხაზეთისა და ოსეთის თემა პოლიტიკური ჩარჩოდან გატანილია, ეს ძალიან მგრძნობიარე პრობლემებია. სისხლი დაიღვარა. ემოციები და ვნებები ამ საკითხებში დღემდე დიდ როლს თამაშობს. უნდა მოვიცადოთ. დრო უსათუოდ გვიკარნახებს პრობლემის ურთიერთმისაღებ გადაწყვეტას, მჯერა, გამოსავალს ვიპოვით.
რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთთან, ველოდები სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დალაგებას, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, კულტურული გაცვლა-გამოცვლის აღდგენას. უფრო მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, ღია, გულწრფელი საუბრები უნდა გავმართოთ. გვეუბნებიან, რომ შერიგების გზა არ არის ადვილიო. ასე იყოს, მერე რა, სამაგიეროდ, ეს არის გზა შერიგებისკენ, რომელზეც ერთი წლის, წლინახევრის წინ არც კი საუბრობდა არავინ. ტრაგიკულად უაზრო სიტუაციაა, როდესაც უმდიდრესი საერთო ისტორიის მქონე ორი მართლმადიდებელი ერი _ ქართველები და რუსები ერთმანეთს ვემტერებით. ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, ეს ფურცელი რაც შეიძლება მალე უნდა გადავფურცლოთ.
- აპირებთ თუ არა თბილისში ჩამოსვლას?
- ვაპირებ, როგორც კერძო პირი. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში მოვინახულო მრავალრიცხოვანი ქართველი მეგობრები. ამ რთული წლების მანძილზე მუდმივად გვქონდა კონტაქტი, ვულოცავდით ერთმანეთს დღესასწაულებს, შვილების, შვილიშვილების დაბადებას, ერთი სიტყვით, შევინარჩუნეთ ჩვეულებრივი, თბილი ადამიანური ურთიერთობები. გულახდილად გეტყვით, _ მენატრება საქართველო, ჩემი მეგობრები, ნაცნობები. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გადავცე მათ მოკითხვა და იმედი ვიქონიო, რომ მალე შევხვდებით.
ესაუბრა გიორგი მაისურაძე.