სამართალი
სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი წამება-გაუპატიურების ვიდეოჩვენებაზე მარტო ამერიკის ელჩი ნორლანდი არ მისულა!

1-dipkorpus-shexvedraსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილი მასალები შს მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  შსს-ს შენობაში დახურულ შეხვედრაზე გააცნო. შეხვედრას არ დასწრებია აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ესწრებოდა მხოლოდ საელჩოს წარმომადგენელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„ჩვენ აღმოვაჩინეთ 2 ვიდეო, სადაც ასახული იყო ადამიანების წამების, დამამცირებელი მოპყრობის, გაუპატიურების კადრები. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება. დავადგინეთ ის 2 პირი, რომელიც იქნა ნაწამები, რომლებიც ჩანს ამ კადრებში. გამოძიების შედეგად დღეს დილით დავაკავეთ 9 პიროვნება. მათგან 3 არის მოქმედი თანამშრომელი, ერთი არის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, 2 არის ყოფილი პოლიციის თანამშრომელი და ერთი არის პირი, რომელიც ფიზიკურად აუპატიურებს ამ ადამიანებს. ეს ადამიანიც დაკავებულია, როგორც ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა. დანარჩენი დადგინდება და დამტკიცდება გამოძიების შედეგად.

შესაბამისად, ჩვენ პასუხი გავეცით ყველა იმ უსუსურ ბრალდებას, რაც მოვისმინეთ გუშინ, თითქოს ეს იარაღი ჩვენ საიდანღაც მოვიტანეთ, თითქოს ეს იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და ეკუთვნოდა ან ჩვენს სამინისტროს, ან თავდაცვის სამინისტროს.

თქვენ მოისმინეთ თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ეს იარაღი არ ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს. ეს არის სისულელე და ეს არის ტყუილი. მეც ასევე გიდასტურებთ, რომ ეს იარაღი არ ეკუთვნოდა და არ ეკუთვნის ჩვენს სამინისტროს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ რეგისტრირებული, აღრიცხული იარაღი. ეს იარაღი კი იყო ე.წ. აღურიცხავი, შავი იარაღი, ასე ვთქვათ. იქ იყო ნარკოტიკები და სხვა მნიშვნელოვანი და გამოძიებისთვის ძალიან საინტერესო მასალები. საუბარი არის ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, საკუთარ თავზე აღებაზე.

თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პიროვნება... საერთოდ არ იყო არც გასამართლებული, არც ციხეში ნამყოფი. ის უბრალოდ აწამეს და მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იქნა დაკავებული და იჯდა ციხეში მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და ტარების გამო. და ჩვენ ვფიქრობთ - რეზიუმე რომ გავაკეთო, ეს იყო სისტემური პრობლემა. ეს არ იყო ლოკალური ხასიათის პრობლემა, რომელიც მოხდა ერთ-ერთ კონკრეტულ რეგიონში. ეს იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის პრობლემა წინა ხელისუფლების და წინა რეჟიმის. საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. იმიტომ, რომ მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. მე მინდა, კარგად შევახსენო ყველას“.