სამართალი
გიგი უგულავა: „მეც მაინტერესებს, რა ბრალდებას წამომიყენებს საერთაშორისო თაღლითი და ივანიშვილის ჯოკერი ჯოზეფ ქეი!“

1-GiGi_Ugulavaსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გიგი უგულავას საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი უკვე წარადგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავას ბრალი „იმედისა“ და “თბილსერვისჯგუფის“ ეპიზოდებზე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა.

აღმკვეთი ღონისძიების განსაზღვრისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების თაობაზე და მერს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი ფორმა არ შეუფარდა. პროკურატურა უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„რა თქმა უნდა, კანონის მიხედვით, სასამართლოს საქმეა - დაადასტუროს ეჭვმიტანილის ბრალეულობა. მე წინასწარვე განვაცხადე, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა. და მეც მაინტერესებს, ივანიშვილის ჯოკერი ჯოზეფ ქეი - ყველასათვის ცნობილი საერთაშორისო თაღლითი, ბრალდების მთავარი მოწმე, რა ბრალდებებს წამომიყენებს “, - განაცხადა უგულავამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.