10 წლის შემდეგ თბილისი-თეირანის პირდაპირი ავიარეისი განახლდა. ფრენებს ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ ასრულებს. პირველი ავიარეისის პრეზენტაციას დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და საქართველოში ირანის ელჩი დაესწრნენ. თბილისიდან თეირანში დღეს 7 მგზავრი გაფრინდა.
რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, ხოლო ბილეთის ფასი 160 ევრო იქნება. როგორც ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ საქინფორმთან საუბრისას განაცხადა, პირდაპირი რეისის აღდგენა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. „წელს ირანიდან ტურისტების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა. ეს იყო სწორედ პირდაპირი რეისის დანიშვნის წინაპირობა. ბუნებრივია, ეს რეისი ხელს შეუწყობს დიდი რაოდენობით ირანელი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში.“