საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. სკანდალურად ცნობილ რესპუბლიკელ სარა პეილინს ჩეხეთი ჩეჩნეთში აერია - ბოსტონის მარათონისას მოწყობილი ტერაქტის პასუხად პეილინმა აშშ-ს ჩეხეთში შეჭრისა და ისლამური სამყაროს დაბომბვისაკენ მოუწოდა!
პეილინის განცხადებით, მართალია, ფედერალურ აგენტებს ტერაქტის გამოძება ჯერ არ დაუსრულებიათ, მაგრამ „აქტიური საპასუხო მოქმედებების დრო უკვე დადგა“.„ამ ეჭვმიტანილების შესახებ ხეირიანად არაფერი ვიცით, თუმცა, დრწმუნებული ვართ, რომ ისინი ჩეხეთის მკვიდრი მუსლიმანები არიან“, - განაცხადა პეილინმა ტელეარხ Fox News-ის თოქ-შოუში, სადაც მინიშნება ძმებ ჯოჰარ და ტამერლან ცარნაევებზე გააკეთა.
„მე, სხვა უბრალო ამერიკელების მსგავსად, მუდამ მზად ვარ წავიდე იქ, საიდანაც ეს ადამიანები მოვიდნენ და სამაგიერო მივუზღო. და მოდი, ნუ გავჩერდებით ჩეხეთის რესპუბლიკაზე, წავიდეთ ყველა არაბულ რესპუბლიკაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ დაუსჯელად ვერ ჩამოვლენ აქ და აფეთქებებს ვერ მოაწყობენ. მოდი, რამდენიმე ბირთვული რაკეტა გავუშვათ ისლამაბადში, დაე ჯოჯოხეთის ცეცხლში დაინთქას პრაღა და თეირანი. უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია“, - განაცხადა ამერიკელმა პოლიტიკოსმა.
შოუს წამყვანმა პეილინს განუმარტა, რომ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევები ჩეხები კი არა ჩეჩნები იყვნენ, თუმცა პეილინი სულაც არ შემცბარა და აღუშფოთებლად მიუგო: „რა მნიშვნელობა აქვს? განა ჩეხეთი - რუსეთის ნაწილი არ არის?“
პეილინის უმეცრებამ ამერიკულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და იგი გაკილეს, რაშიც ალასკის ექსგუბერნატორმა კიდევ ერთი შეთქმულება დაინახა.