ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს მაღალი თანამდებობების დაკავების უფლება ექნება

საქართველო, 14 ივნისი,
საქინფორმი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შესაძლოა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლება მიეცეს. შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".
ცვლილების თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტი, სადაც სწორედ ეს ჩანაწერი არსებობს. კანონპროექტის მიზანია უთანასწორობის აღმოფხვრა, კერძოდ კი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზის დადგენა. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატია.