რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ტერორისტები ჯიჰადზე ფილმის შემდეგ გამოჩნდნენ, მაგრამ ქართულმა სპეცსამსახურებმა ისინი გააუვნებლეს, ანუ პუტინი ისევ მართალია!“

1-arnosსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გუშინწინ, 2013 წლის 11 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა ტელეკომპლექსი Russia Today დაათვალიერა და ტელეარხის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მოსკოვის და თბილისის ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო ტერორიზმის პრობლემა და მასთან ბრძოლის საკითხი: “ჩვენ გვინდა საქართველოსთან თანამშრომლობა, გვინდა საქართველოსთან მუშაობა, გვინდა ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენა. ვიმეორებ: თუ ჩვენ შევძლებთ ავაწყოთ ასეთი მუშაობა სამართალდამცავი ორგანოების, სპეცსამსახურების სფეროში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იქითკენ, რომ უვიზო რეჟიმი აღდგეს.

საქართველოს ტერიტორიიდან ჩვენკენ კავკასიაში გამუდმებით ჟონავენ ტერორისტული ელემენტები... და ის ნაკლებსასიამოვნო ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოს ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენებასთან, იმით აიხსნებოდა, რომ ჩვენ დარტყმებს ვაყენებდით არა უბრალოდ საქართველოს ტერიტორიას, არამედ ბანდფორმირებებს, რომლებიც 30 კმ-ზე მიუახლოვდნენ სოჭს. აი, სადამდე მივიდა საქმე! შსს-ს სატვირთო მანქანებს ისინი რუსეთის საზღვართან გადმოჰყავდა. ჩვენ იძულებული ვიყავით, პრევენციული ქმედებები გაგვეხორციელებინა. მე მაშინ ეს მოქმედ პრეზიდენტს ვუთხარი. ძალიან გვინდა, რომ ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში აღარასოდეს განმეორდეს“.

დღეს კი, 13 ივნისს, ანუ ორი დღის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა - “საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები - მიკაილ კადიევი და რიზვან  ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს“.

ამგვარად, პუტინი ისევ მართალი აღმოჩნდა, თუმცა საქართველოში ბევრს დღემდე არ სჯეროდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველო ყველა ჯურის ტერორისტების გასავლელ ეზოდ და თავშესაფრად გადააქცია! არადა, პუტინი ჯერ კიდევ 2004 წელს სთავაზობდა სააკაშვილს აჭარაში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას, ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ნაცვლად!

საქართველოში ტერაქტის მზადების ფაქტიც არ აღმოჩნდა სიურპრიზი ქართველი სამხედროების და სააკაშვილისთვის ჯიჰადის გამოცხადების შესახებ ორი ვიდეორგოლის შემდეგ, რომლებიც გასულ კვირას გავრცელდა ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის წინ, რომელმაც შვიდი ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. უბრალოდ, პანიკის თავიდან ასაცილებლად, საქინფორმმა არ გამოაქვეყნა თავისი ჰიპოთეზა, რომ ტერაქტი მოსალოდნელია მეტროპოლიტენში ან ხალხის თავშეყრის სხვა ადგილზე.

და ბოლოს - მადლობა ქართულ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ის აღკვეთეს, მაგრამ იქნებ რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით უკვე დაიწყო?

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
 .

1-arnos-1 1-arnos-2