სამართალი
კბილაშვილი: " დაკავებულ ორ პირსა და "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებს შორის კორელაცია ჯერჯერობით დადგენილი არ არის"

1-archilსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. თბილისში ტერაქტის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირსა და "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებს შორის კორელაცია ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, რომელმაც დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

"ჯერჯერობით განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. გამოძიება მიმდინარეობს და მას უშუალოდ ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა კბილაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას სამართალდამცველებმა თბილისში ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა აღკვეთეს. დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.