საზოგადოება
თბილისი: სეისმური რისკები და მიწისძვრის სავარაუდო შედეგები

tbilisiდღეს სასტუმრო „ბესტში“ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა, მკვლევარებმა, ქალაქის მგეგმავებმა და კატასტროფებზე რეაგირების სხვა უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. თემა თბილისის სეისმური რისკების, კატასტროფული მასშტაბის მიწისძვრის სავარაუდო შედეგებისა და მათი შემცირების გზების შესახებ იყო.

კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი იყო საქართველოში კატასტროფებისთვის მზადყოფნის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

დღევანდელ კონფერენციაზე მიწისძვრის საფრთხეების შესახებ მომზადებული სცენარიც განიხილეს.

„თბილისი საქართველოს ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. საკმარისად ძლიერი მიწისძვრის შედეგები დამანგრეველი იქნებოდა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ მიერ შემუშავებული სცენარი საფრთხეების შეფასებასაც შეიცავს და ადამიანთა დასახლებებსაც ითვალისწინებს“, - განაცხადა კატასტროფების რისკების შემცირებისა და გარემოს მდგრადი განვითარების საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელძღვანელმა თამაზ ჭელიძემ.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეში თბილისში სამი მიწისძვრა მოხდა, თუმცა მსხვერპლი არც ერთს მოჰყოლია.