პუბლიკაციები
„გლობალური კვლევების ცენტრმა“ საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სემინარი გამართა

centr-mtსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. 7 ივნისს კაფე Discovery-ში საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის თემაზე „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი.

პროფესორებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკურ გარემოზე, საპენსიო სისტემაზე, საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვრცლად ისაუბრეს.

სემინარმა რამდენიმე საათს გასტანა და სალექციო კურსის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები და ჟურნალისტები.

საქინფორმის ჟურნალისტი, რომელიც სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა, ღონისძიების მთავარ ორგანიზატორებს და წამყვანებს გაესაუბრა.

ნანა დევდარიანი („გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, საქართველოს ექს-ომბუდსმენი, ცესკოს ექს-თავმჯდომარე, ორი მოწვევის ექს-პარლამენტარი, თბილისის საკრებულოს ექს-მდივანი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ის შვილიშვილი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი): - დღეს გამართული შეხვედრა „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული პირველი სემინარია. ჩვენი ცენტრი გეგმავს, რომ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე კვლევების სერია განაგრძოს. საქართველოში ზოგადად მიდგომები არის პოლიტიზებული - ან ერთ მხარეს იზიარებ, ან - მეორეს. მაგალითად, ნაძალადევის შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ ორი მოთამაშე არ არის და არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთა პოზიცია მოსმენილი და გათვალისწინებული არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ორი დაპირისპირებული ძალა ერთად მშვენივრად თანაარსებობს და დანარჩენი მოსახლეობისთვის ბევრი არაფერი იცვლება. იმისათვის, რომ ამ გაუგებარი ვითარებიდან გამოვიდეთ, გარკვეულ საკითხებზე საზოგადოებაზე გონებრივი შეტევის განხორციელება აუცილებელია. ეს გამომაფხიზლებელია როგორც პოლიტიკური ძალებისთვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რათა გავარკვიოთ, თუ რა მიდგომები უნდა გვქონდეს. ჩვენ ძალიან ხშირად გვემართება ხოლმე ისე, რომ „წასულ მატარებელს ვეკიდებით“. მაგალითად, ლგბტ თემატიკას ევროპაშიც კი აპროტესტებენ, რადგან ეს არის ჩიხი, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ძალადობა არ განახორციელონ - არ ნიშნავს იმას, რომ შენ მე მაიძულო, შენი ცხოვრების წესი გავიზიარო. იგივე შეიძლება ითქვას ულტრა ლიბერტარიანიზმზე, რომელსაც „აეკიდა“ საქართველო. თვით ამერიკამაც კი მიმართა პროტექციონისტურ პოლიტიკას, რადგან გამოსავალი არ იყო და ამ პროცესს შეიძლებოდა სახელმწიფოს ნგრევა მოჰყოლოდა. ამიტომ ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი გაწონასწორებული მიდგომები გვჭირდება. რაც შეეხება საფინანსო და ეკონომიკურ მდგომარეობას, უნდა გავარკვიოთ, სად ვართ?! მართლა სტაგნაციაა, ყველაფერი ცუდად არის თუ პირიქით? სად გვაქვს პრობლემები? ამის გასარკვევად ტარდება აღნიშნული სემინარი.

- ქალბატონო ნანა, კიდევ რა თემატიკაზე გეგმავთ სემინარების გამართვას?

- უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ნატოზე სემინარის გამართვას, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება. ნატოზეც ძალიან პოლარიზებულია შეხედულებები, მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო დროს კრიტიკული აზრი გამოჩნდა. ვფიქრობთ, რომ ეს სემინარი საინტერესო იქნება.

კარგი იქნება, რომ ეს სამუშაოები წარიმართოს მემარცხენე იდეოლოგიების კვლევის მიმართულებით, რადგან ჩვენთან მემარცხენე იდეოლოგია ხელოვნურად გაანადგურეს. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას. დღეს ამ იდეოლოგიის მეცნიერული კვლევებიც კი აღარ არის - ყოფილი მარქსისტები ლიბერტარიანელები გახდნენ - იხილეთ გია ნოდია, მას დისერტაცია აქვს დაცული მარქსზე (იცინის).

ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე. ვგეგმავთ, რომ თვეში ერთი სემინარი მაინც გავმართოთ და ფართო საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესში. გარდა ამისა, ვმუშაობთ კვლევებზე, რომელთა პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება.

მიხეილ ჯიბუტი (პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): „ეკონომიკის საკითხებზე აღნიშნული სემინარის გამართვა ძალიან კარგი ინიციატივა იყო. მსგავსი შეხვედრები ცალკეული დარგების პროფესიონალებს და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, მოახდინონ სხვადასხვა ცოდნის პოპულარიზაცია, ჩამოუყალიბდეთ ერთიანი შეხედულება და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა გადაკვეთის წერტილები მოძებნონ, რათა წარმოიდგინონ, თუ რა პალიტრაა საქართველოში, როგორია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, როგორია სახელისუფლებო განზრახულობა და მისი შედეგიანობა. ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორის გაზრდას, რათა იგი გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის. დღეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია არ არის და ასეთი შეხვედრები სწორედ ურთიერთობის აღდგენას ემსახურება. ჩვენს გამოსვლებში ვცდილობთ ვითარება პოპულარულად გადმოვცეთ, რაც უფრო დიდ დატვირთვას მოითხოვს, ვიდრე პროფესიული ენით საუბარი. საქართველოში ყველა სფეროში არსებობს პოპულარიზაციის დეფიციტი. აქვე კიდევ მეორე მომენტია გასათვალისწინებელი  - გარდამავალი ტრანსფორმაციის ქვეყნებში ხელისუფლება უნდა იყოს მასწავლებელი. უნდა ხდებოდეს ყველაფრის პოპულარიზაცია და არა პიარი, რათა მოსახლეობა ყველა პროცესის თანამომაწილე გახდეს.“

დავით იაკობიძე (თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი): „დღეს სემინარზე ეკონომიკური და საფინანსო საკითხები განხილული იყო სხვადასხვა კუთხით, რაც დამსწრე საზოგადოებას აძლევს საშუალებას, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და მოცემული საკითხისადმი გარკვეული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა იყო ეკონომიკა, რომელიც, მართალია, შარშანდელთან შედარებით სტაბილურ მდგომარეობაშია, მაგრამ არ ჩანს „სინათლე“. არ ჩანს ცხადი გათვლები და რეალური პარამეტრები, თუ რისთვის და რას ვაკეთებთ. ეკონომიკურ პროექტებს სიცხადე, დასაბუთება და ხალხთან მიტანის მექანიზმები აკლია. ამიტომაც მსგავსი სემინარები უნდა იყოს კიდევ უფრო მასშტაბური, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება, პროფესიული აზრი მოისმინოს და შემდეგ თვითონ გააკეთოს არჩევანი.“

centr-1 centr-2
centr-3 centr-4
centr-5