სამართალი
ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია: “ქართულმა ჯარმა უნდა დატოვოს ავღანეთის მისია”

advokatebis-samart1საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ქართული საჯარისო ნაწილების ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ განცხადებას ავრცელებს  და  ხელისუფლებას  რეკომენდაციით მიმართავს:

„ბატონებო!!!

ვუერთდებით რა ჩვენი საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილის  საჯარო განცხადებებს, გამოვთქვამთ უდიდეს გულისტკივილს ქართველი გმირების დაღუპვის გამო. გვინდა აღვნიშნოთ რომ ქართული საჯარისო კონტინგენტი, ამჟამად 1600  ჯარისკაცის  შემადგენლობით, პირნათლად იხდის ვალს ქვეყნის წინაშე გარანტად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცების შედეგად  დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ ავღანეთის მისიაში კონტინგენტის რაოდენობა გააორმაგა, რაც, მათი აზრით, დააჩქარებდა ნატოში შესვლის პროცესს.

გვინდა რეკომენდაციით მივმართოთ ახალ ხელისუფლებას - უახლოეს მომავალში განხილული იქნეს ავღანეთის მისიაში ჩვენი კონტინგენტის შემცირება, ხოლო თუ ამის შემდეგაც ვერ იქნა დაცული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, რისი გარანტიც არის და უნდა იყოს ავღანეთში მებრძოლთა მისია, მიგვაჩნია, რომ ქართულმა ჯარმა უნდა დატოვოს ავღანეთის მისია. წინააღმდეგ შემთხვევაში ავღანეთში ქართული ჯარის მისიის გაგრძელება ფორმალურ ხასიათს შეიძენს.