საზოგადოება
ფიჭური კავშირგაბმულობის სიახლე

mobileდღეიდან ფიჭური კავშირგაბმულობის შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. ყურაშვილის განმარტებით, აბონენტს შეუძლია ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს მისთვის სასურველი სატარიფო პაკეტი.

კონკრეტულად, თუკი აბონენტს აქვს „ჯეოსელის“ ნომერი, კერძოდ „77“, მას შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გამოცვლის გარეშე გადაიტანოს „ლაი-ლაის“ სატარიფო პაკეტში. იგივეა „მაგთიკომის“ შემთხვევაშიც. აბონენტს, რომელიც სარგებლობს „მაგთის“ სატარიფო პაკეტით, შეუძლია, ინდექსისა და ნომრის გამოცვლის გარეშე, გადაიტანოს საკუთარი ნომერი „ბანის“ ან „ბალის“ სატარიფო პაკეტში.

2011 წლის 16 თებერვლიდან კი, აღნიშნული ცვლილება ძალაში კომპანიებს შორისაც შევა და, თუკი აბონენტს აქვს „ჯეოსელის“ ნომერი, მას შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გარეშე გადაიტანოს „მაგთის“ ან „ბილაინის“ ქსელში, იგივე ვრცელდება სხვა ოპერატორებზეც.

კომუნიკაციების კომისიის იურიდიულ დეპარტამენტში საქინფორმს განუცხადეს, რომ აბონენტებს უფლება აქვთ, მიიღონ მომსახურება ოპერატორის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ტექნოლოგიით, სადენით თუ უსადენოდ, ნომრის გამოცვლის გარეშე. კომისიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად, ტარიფები შემცირდება.

ნომრის პორტაბელურობის მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, აბონენტებმა უნდა მიმართონ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომსახურების მიწოდებას კომპანია არ უზრუნველყოფს, მომხარებელს შეუძლია დახმარებისთვის კომისიას მიმართოს.