საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 31 მაისს ეროვნულ სტადიონზე კახა კალაძის მეგობრებისა და "მილანის" სიმბოლური გუნდების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს საფეხბურთო კარიერის დასრულება მიულოცა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძემ ასევე მილოცვა მიიღო “მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისგან.
შემდეგ გუნდები მოედანზე გავიდნენ და საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ მატჩი დაიწყო. კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში პირველი დარტყმა მისმა ვაჟმა ლევანიკო კალაძემ შეასრულა. პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 „კალაძის მეგობრების" სასარგებლოდ დამთავრდა.
შესვენების დროს მოედანზე ანსამბლი "ერისიონი" გამოვიდა და გულშემატკივრებს ლამაზი სანახაობა წარმოუდგინა. მეორე ნახევრის დაწყებამდე სახალისო ამბავი მოხდა - მინდორზე თითქმის შიშველი მამაკაცი გამოვარდა და ცეკვა დაიწყო, შემდეგ კი მოცეკვავეთა ჯგუფი გამოჩნდა და რამდენიმე ნომერი შეასრულა.
მეგობრული შეხვედრა „მილანის" გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. მატჩის დამთავრებისას ხალხით სავსე სტადიონის თავზე ცა ფოიერვერკებმა გაანათა და საგანგებოდ ამ დღისთვის დაწერილი სიმღერა - „ყველას გვიყვარხარ, კალა! დიდი მადლობა, კალა!“ - შესრულდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |