სამართალი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. გუშინდელ სასამართლო სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა.
„იმ ფონზე, როდესაც დაჭერილ კანონიერ ქურდებს ათავისუფლებენ, მე, როგორც მათ მოწინააღმდეგე ერთ-ერთ მებრძოლს, არ მიკვირს, რომ დღეს ციხეში ვზივარ. ვაპირებდი პარტიიდან წასვლას და დარჩენილი ცხოვრების შვილებისა და ოჯახისთვის მიძღვნას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია და ჩვენი ლოზუნგი - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ - ძალაში რჩება", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გუშინ ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მისი ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.