საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ელისო კილაძე, Primerinfo.Ge: „ოფიციალური ინფორმაცია:
შპს ტელეკომპანია “პიკს”, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მესამე არხ “პიკს” მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს.
გასული წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60 პროცენტი ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს “შვისეას” გადაეცა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60 პროცენტის გადაცემის სანაცვლოდ, “შვისეა” ვალდებულია, ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს “ტელეკომპანია პიკის” კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
კრების ოქმში აღნიშნულია, რომ “შვისეას” “შესატანი შესაძლოა განხორციელდეს ფულადი ფორმით ან ქონებრივი შენატანის სახით”.
“შვისეას” 30 პროცენტი ტელეკომპანია “პიკის” 55 პროცენტის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10 პროცენტი კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15-15 პროცენტი ეკუთვნოდათ.
“შვისეას” დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია.
ვინ არის "პიკის" ახალი მფლობელი დარიუს იურგელავიჩუსი?
იგი პირველადი განათლებით ჟურნალისტია. 80-იან წლებში ლიტვაში იყო რადიოს წამყვანი, ცნობილი გახლდათ პროსაბჭოთა შეხედულებებით და ღიად გამოდიოდა ლიტვის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია “საიუდისის” წინააღმდეგ. 90-იანი წლების შემდეგ თვალთახედვიდან გაქრა და 2000 წლის დასაწყისში მუშაობა დაიწყო ლიტვის სპეცსამსახურებში. თანამდებობრივი კარიერა სწრაფად გაიკეთა და ლიტვის უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეობამდე მიაღწია. 2004 წელს სპეცსამსახურების “კრიშის” ქვეშ იყო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2004 წელს ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რანგით მას პრეზიდენტთან შეხვედრა არ ეკუთვნოდა, მაგრამ საუბრის თემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, საქმე ეხებოდა აზერბაიჯანის ნატოსთან ინტეგრაციის დაჩქარების საკითხს.
ამავე პერიოდში დარიუს იურგელავიჩუსი ხშირად სტუმრობდა საქართველოს .2006-2007 წლებში , ხან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში, ხანაც ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ექსპერტი.
რა მოხდა მინსკში 2006 წელს?
2006 წლის აგვისტოში ბელარუსში, კერძოდ მინსკში ტრაგიკულად დაიღუპა ლიტვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიტაუტას პოციუნასი. იგი სასტუმროს მეცხრე სართულიდან გადმოაგდეს. განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსიაც, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს და მერე გადააგდეს. პოციუნასი ბელარუსში სპეცდავალებით იმყოფებოდა, რადგან ამერიკელები ლუკაშენკოს რეჟიმის დამხობას და იქ ფერადი რევოლუციის მოწყობას აპირებდნენ. ამ პროექტში საქართველოდან ჩართული იყო ფერადი რევოლუციების “მამა”, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გივი თარგამაძეც, რომელიც თვეების განმავლობაში პარლამენტში არ ჩნდებოდა და ფაქტობრივად, ბელარუსში ცხოვრობდა. ფერადი რევოლუციის პროექტი ჩავარდა და რამდენადაც მას ლიტვის უსაფრთხოების სამსახური კურირებდა, ვიტაუტას პოციუნასი ბელარუსში ჩავიდა, სადაც დახურულ ფორმატში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯორჯ კროლს. მისი ამოცანა იყო გაერკვია, სად გაქრა ის 420 მილიონი დოლარი, რომელიც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის დასამხობად იყო მობილიზებული ჩანს, პოციუნასი კვალს დაადგა და სწორედ ამიტომ “დაეხმარნენ” მას სასტუმრო “ინტურისტის” მეცხრე სართულიდან გადმოხტომაში. ამის შემდეგ ბელარუსში ჩავიდა ვიტაუტას პოციუნასის მოადგილე დარიუს იურგელავიჩუსი, რომელსაც საკუთარი შეფის იდუმალებით მოცული მკვლელობის დეტალების გარკვევა ევალებოდა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რა გაარკვია ბატონმა დარიუსმა ბელარუსში და იყო თუ არა ლიტვის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მკვლელობაში ქართული კვალი, სამაგიეროდ, 2009 წლიდან მან მოუხშირა საქართველოში ვიზიტებს და 2009 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაინიშნა ვანო მერაბიშვილის მრჩევლად. იმავე წლის აგვისტოში დანიშვნას წინ უძღოდა ლიტვის პრეზიდენტის პროტესტი, რომელიც ითხოვდა, რომ დარიუს იურგელავიჩუსს დაეტოვებინა ლიტვის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი, რადგან ის, ფაქტობრივად, საქართველოში ცხოვრობდა.
2012 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ტელეკომპანია “პიკი” მაუწყებლობას წყვეტს და მისი 60%-ის მფლობელ დარიუს იურგელავიჩუსის კვალი იკარგება. ის აღარ ჩანდა საქართველოში. უცნობია, ოფიციალურად დატოვა თუ არა მან ქვეყნის საზღვრები. კომუნიკაციების კომისია მას დღემდე არ სთხოვს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ტელეკომპანია “პიკის” 60%-ის შეძენისას აიღო. ეს ეხება, დაახლოებით, მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიციას.
P. S. არაოფიციალური ინფორმაციით, დარიუს იურგელავიჩუსი დეპუტატ გივი თარგამაძის ახლო მეგობარიც არის და სწორედ ის იფარავდა თარგამაძეს ვილნიუსში.