საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. “მიმდინარე წლის 27 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ღია განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოუწოდა მას, დაინტერესდეს გასული შვიდი წლის ფინანსური და მატერიალური ხარჯების მართებულობითა და კანონიერებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამინისტროს ბოლო და ისიც არასრული რევიზია 2005-2006 წლებში ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტრო მიესალმება როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურების (მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის), ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაინტერესებას მის მიერ გაწეული ხარჯებით. სამწუხაროდ, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ვერ გასცემს პასუხს კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩათვალა წინა ხელისუფლებამ საჭიროდ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდის შესწავლა და ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის 2009 წლის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარება, თუმცა ის მზად არის, ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტთან და მიაწოდოს მას ამომწურავი ინფორმაცია აუდიტის ეფექტიანად ჩასატარებლად.
ამას გარდა, პროკურატურის დავალებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2012 წლის ნოემბრიდან ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური დოკუმენტაციის, კერძოდ, 2005-2013 წლების პერიოდის დებიტორულ დავალიანებების რევიზიას. ფინანსური და სხვა სახის დარღვევების გამოვლენასა და აღმოფხვრაზე სამინისტროს გენერალური ინსპექციაც მუშაობს. რამდენიმე საქმეზე მოკვლევა უკვე დასრულებულია (მათ შორისა მეორადი ავტომატების შესყიდვის, სამინისტროში გაცემული პრემიების, სამოქალაქო პირთა ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოების, ნავთობპროდუქტების შესყიდვის, უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის, ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემის, გააქტიურებული მობილური ტელეფონების ნომრების შესყიდვის და სხვა საქმეები). ზოგიერთ ამ საქმეს საიდუმლო გრიფი ედო. სამინისტრომ მათ გრიფი მოხსნა და გენერალურმა ინსპექციამ საჯარო ბრიფინგებზე საზოგადოებას აცნობა, თუ რა სახის დარღვევები გამოვლინდა და რა რაოდენობის ზარალი მიადგა სახელმწიფოს.