საზოგადოება
ლევან ჩიტაძე: „მერაბიშვილის მოადგილემ და სიმამრმა უნივერსიტეტის რექტორს ნახევარ მილიონამდე ლარი გამოსძალეს“

1-axaliiiსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის სიმამრმა ალიბეგ სალაყაია და შს მინისტრის  ყოფილმა მოადგილემ ამირან მესხელმა, რომელთა წინააღმდეგ ცენტრმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, 2009-2012 წლებში გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს დავით ჩიტაიას, სასწავლებლის  ხელშეუხებლობისა და აკრედიტაციის გაგრძელების პირობით, ნახევარ მილიონამდე ლარი გამოსძალეს.

„თანხის გადაცემა ხდებოდა ხელზე, ამის სანაცვლოდ ისინი დავით ჩიტაიას ჰპირდებოდნენ ყველანაირ უსაფრთხოებას, ხელშეუხებლობას, თუმცა დაშინების მიზნით ის ამ წლების განმავლობაში სამჯერ დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, გონივრულ ვადებში გამოიძიოს აღნიშნული საქმე. ჩვენ გვყავს მოწმეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ღიად და პირდაპირ ისაუბრებენ ყველა დეტალზე, შეხვედრის ადგილზე, რა რაოდენობის თანხა რამდენჯერ იქნა გადაცემული, ვინ “ავერბოვკებდა“, ვინ აშინებდა უნივერსიტეტის რექტორს. ვფიქრობ, რომ მათი ჩვენებების შემდეგ შესაძლოა დადგეს ყოფილი განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პასუხისმგებლობის საკითხიც“, - აღნიშნა ჩიტაძემ.