რელიგია
საპატრიარქო: „ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული, მუსლიმური და სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება და სამართლიან პროტესტს იწვევს“

religia-1-gancxadeba-sazსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 22 მაისს, საღამოს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

"საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ჩატარებისას მოხდა და რომელსაც, ჩვენი აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა.

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული, მუსლიმური და სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება და სამართლიან პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა ანგარიში არაფერს გაუწიეს და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს დამატებით გამაღიზიანებელ მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა".

აგრეთვე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც  არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ნორმებში არ ჯდება.

„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა ზიანი მთელ ეკლესიას მიაყენეს. საპატრიარქო მათ ქმედებებს შეისწავლის და ჩვენი მხრივ სათანადო ზომებს მივიღებთ... უნდა აღნიშნოს - რომ არა სასულიერო პირთა ძალისხმევა და პოლიციის თავდადება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.