სამართალი
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ჭაიბერაშვილმა კი 20.000-ლარიანი გირაო გადაიხადა

merab-Ciabსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილენი ტაშითა და შეძახილებით: „გაუმარჯოს სამართლიანობას!“ შეხვდნენ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც უკანონოს უწოდებს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი ქუთაისიდან თბილისში წუხელ ღამით გადმოიყვანეს და ამ დროისათვის იგი სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. წუხელ გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდა მისი მეუღლე თაკო სალაყაია, მასთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელმაც მერაბიშვილის დაკავებას უშუალოდ ივანიშვილის დაკვეთა უწოდა და განაცხადა, რომ მათ გაცილებით მეტი გამოწვევისთვის გაუძლიათ, ვიდრე ციხეა. შესაბამისად, "ყველანი ჩამოვლენ, ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არ აპირებს. თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

რაც შეეხება კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს, მისი ადვოკატის განცხადებით, გირაოს სახით შეფარდებული 20 000 ლარი ოჯახმა უკვე შეიტანა და  ჭიაბერაშვილმა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი გუშინ 17:00 საათზე დაიწყო და 5 საათზე მეტხანს გასტანა.