ილია მეორე: „ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა“
საქართველო, 22 მაისი,
საქინფორმი. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლის დანერგვაც უნდათ საქართველოში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.
პატრიარქი 17 მაისის მოვლენებს შეეხო და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. "ჩვენ გვაწუხებს, როცა განსაცდელი მოდის ჩვენთან, სინამდვილეში ჩვენ უნდა ვხარობდეთ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს. წმინდა მამები გოდებდნენ და ტიროდნენ, როდესაც განსაცდელი არ ჰქონდათ. რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგარმ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქეცეოდა. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული კურნავს", - აღნიშნა უწმინდესმა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას სტამბულში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვდნენ მსოფლიო პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს. საუბარი შეეხო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დროს მიმდინარეობდა კამათი. უწმინდესის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ეს იყო ბრძოლა. "ჩვენ ვიცავდით საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ აფხაზეთი საქართველოს ძირძველი ნაწილია, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არის ძირძველი ეპარქია. მსოფლიო პატრიარქმა რამდენჯერმე დაადასტურა, რომ სცნობს აფხაზეთის ეპარქიას საქართველოს ტერიტორიის კანონიერ ნაწილად. ხანდახან ამ საკითხზე საუბარი კამათში გადადიოდა, ხანდახან - მშვიდობიან საუბარში. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ სამღვდელოება იყოს იქ გაგზავნილი", - აღნიშნა პატრიარქმა. ილია მეორემ მადლობა გადაუხადა მრევლს ლოცვებისათვის და აღნიშნა, რომ ლოცვებით გრძნობდა ღვთის დახმარებას და აქ აღვლენილი ლოცვების ძალას. "მე ვფიქრობ, ეს ერთობლივი ლოცვა არის უდიდესი ძალა, რომელიც გვეძლევა ჩვენ უფლისგან და ვერავითარი საწინააღმდეგო ძალა ვერაფრეს დააკლებს საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება და მიმართა მრევლს, რომ ღირსეულად დახვდნენ ამ მოვლენას. უწმინდესმა დღეს პური და ღვინო აკურთხა, რომელიც მრევლს დაურიგდება.