სამართალი
გაბაიძე: „ვაფრთხილებ ყველა ელჩს, რომ მათი ელჩობა დღეს დანაშაულია და ხვალ შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს!“

gabaiZeeსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისათვის წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია. ამასთან, სასაცილო და კურიოზულია მოტივიც, რომლითაც ექს-პრემიერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს.

ზურა ჭიაბერაშვილის დაკავების ოქმში ბრალდების მხარეს დაკავების მოტივად მითითებული აქვს, რომ იგი უნდა იყოს დაკავებული იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს ელჩი სხვადასხვა ქვეყში და მას აქვს პირადი კონტაქტები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გამომძიებელს და პროკურორს არ აქვთ პირის დაკავების უფლება მოსამართლის განჩინების გარეშე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. ეს გადაუდებელი აუცილებლობა ჩათვალა გამომძიებელმა, რომ მისი ელჩობა იყო. მე ვაფრთხილებ ყველა ელჩს, რომ მათი ელჩობა დღეს დანაშაულია და ხვალ-ზეგ შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად ჩათვალოს დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ”, - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარე დაკავების ოქმში უთითებს, რომ ვანო მერაბიშვილი არის ავტორიტეტული პიროვნება, ის საზოგადოებაზე ახდენს გავლენას, მის აზრს საზოგადოება დიდი პატივს სცემს და, აქედან გამომდინარე, ეს თურმე არის დაკავების საფუძველი.

“ეს ყველაფერი სასაცილო და კურიოზულია", - განაცხადა გაბაიძემ, რომლის თქმითაც, ჭიაბერაშვილსა და მერაბიშვილს ბრალდება  არაუფლებამოსილმა პირმა წარუდგინა, რადგან კანონმდებლობის თანახმად, მათთვის ბრალი იუსტიციის მინისტრს უნდა წაეყენებინა.