საგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნაგორკაში ცხვრის ფერმას მგლები დაესხნენ თავს და 50 ცხვარი დაგლიჯეს. კრასნაგორკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ გივი ლალიაშვილის თქმით, მსგავსი თავდასხმები სოფელში ადრეც მომხდარა.
„რამდენიმე ასეთი შემთხვევა მანამდეც იყო და რაიონის გამგეობა საქმის კურსში ჩავაყენეთ. გამგეობამ სოფლის მონადირეებს მტაცებლებისგან დასაცავად ტყვია-წამალი დაურიგა.
ამჯერად, არა მგონია, რაიონის ხელმძღვანელობამ დახმარება გაუწიოთ, რადგან ეს ფერმა კერძო პირს ეკუთვნის და მან თავისი ქონება თავად უნდა დაიცვას“, - განუცხადა საქინფორმს ლალიაშვილმა. კრასნაგორკის მოსახლეობა შეშინებულია. “ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არაა და რაიონის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის მოგვარებისთვის უნდა იზრუნოს, რადგან მგლების თავდასხმები, შესაძლოა, კიდევ განმეორდეს!” - აღნიშნეს მათ ჩვენს კორესპოდენტთან საუბარში.