პუბლიკაციები
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

1-analitika1-irmaსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. შინაგა საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მიმართვა
ბატონო ირაკლი, არაერთგზის გამომიხატავს ჩემი აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მძვინვარებს ე.წ. შავი ფიარისა და ცილისწამების  დაუსრულებელი კამპანია. „უხილავი ხელი“ მიზანმიმართულად ეწევა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა, თუ რიგითი ადამიანების დისკრედიტაციას. ბოლო თვეების განმავლობაში საჯაროდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მედია-კავშირ „ობიექტივს“ და პირადად მე, ასევე, ჩვენი გუნდის წევრებს: სოსო მანჯავიძეს, დავით თარხან-მოურავს , თუ სხვებს მუდმივად გავადანაშაულებდნენ და ბრალს გვდებდნენ სხვადასხვა აბსურდულ ქმედებებში, რაც , ცხადია, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია. ხშირად ისეთ თემებს „გვაკერებდნენ“, რომელთა შესახებ არც კი გვსმენია. „უხილავი ხელი“  ცდილობდა ჩვენს დაპირისპირებას პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან და საერთოდ, მთელ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, შავი ფიარი  და მისი მთავარი კომპონენტი- ცილისწამება არა მარტო ჩვენს მიმართ წარმოებდა. ამ კამპანიამ მთელი ქვეყანა მოიცვა. ძნელია, დაასახელო პოლიტიკოსი, თუ საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ერთხელ მაინც არ სწამეს ცილი. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ობიექტივის“ ხელმძღვანელის პოსტი დავტოვე, სწორედ ეს დაუსრულებელი „შტურმი“ იყო, რომელიც უკვე ტელევიზიას აზიანებდა.

მაგრამ ამ მიმართვას მე ბოლოდროინდელ მოვლენებს ვუძღვნი. ვგულისხმობ, სრულიად მიუღებელ ქმედებას, რომელიც გიორგი ფარესაშვილზე შურისძიების მოტვით, თქვენმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ განახორციელა. რამდენადაც ვიცი, ბატონმა ხვედელიძემ უკვე აღიარა, რომ ვიდეომასალა სწორედ მან გაავრცელა. თუმცა, ამ საქმეში კვლავ იკვეთება „უხილავი ხელის“ ფაქტორი. მოგეხსენებათ, „ობიექტივში“ 400-ზე მეტი ჟურნალისტია, რომლებსაც განსხვავებულ წყაროებზე მიუწვდებათ ხელი, ამიტომ  პირდაპირ გეტყვით: მეტ-ნაკლებად ინფორმირებულმა ადამიანებმა იციან, რომ გია ხუხაშვილს არავითარი კავშირი არ ჰქონია და არა აქვს კვერცხის ბიზნესთან და მითუმეტეს, მოგელაძეების ოჯახთან. ამის მიუხედავად, „უხილავმა ხელმა“ მოახერხა  სკანდალის გამოცხობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ სკანდალში უდანაშაულო ადამიანების ჩათრევასა და კომპრომენტირებას. ხაზს ვუსვამ: უკლებლივ ყველა პირის კომპრომენტირებას, ვინც კი ამ ისტორიაში ნებსით, თუ უნებლიედ აღმოჩნდება ჩათრეული.. ვითვალისწინებ რა, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში „უხილავი ხელი“ ცდილობდა ჩემი და ჩემი მეგობრების  ჩათრევას ყველგან და ყველაფერში, არ გამიკვირდა, რომ ამ შემთხვევაშიც ანალოგიური ტიპის მცდელობას აქვს ადგილი: სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ინფორმაციას მაწვდიან და ვხედავ, რომ „უხილავ ხელს“ ძალიან სურს ჩვენი დაპირისპირება, ერთის მხრივ, ხუხაშვილთან, ხოლო, მეორეს მხრივ, ფარესაშვილთან. თუმცა, ვერაფრით გავიგე, რა საერთო გვაქვს ამ ბინძურ ისტორიასთან.

ბატონო მინისტრო, თავს უფლებას მივცემ,- გაგიზიაროთ ერთი აზრი, რომელიც ბოლო 2-3 დღის  განმავლობაში, სხვადასხვა ადამიანებთან საუბრის შედეგად, მკაფიოდ ჩამომიყალიბდა. მიმაჩნია, რომ ახლა „უხილავი ხელი“ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს ამ სკანდალში ნებსით, თუ უნებლიედ ჩათრეული ადამიანები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ.

ჩემი ეს მოსაზრება (მოულოდნელად) ერთმა გავლენიანმა წყარომ დამიდასტურა, რომელსაც დღეს დილით, მისივე თხოვნით შევხვდი და ვესაუბრე. ამ ადამიანისგან შევიტყვე, რომ „უხილავი ხელი“ უახლოეს დღეებში, ან საათებში გეგმავს ფიზიკურ ანგარიშსწორებას კონკრეტული პირების წინააღმდეგ. შესაძლოა, თავს დაესხნენ გიორგი ფარესაშვილს, ლაშა ამირეჯიბს, ან ელისო კილაძეს, რათა ეს ანგარიშსწორება, საბოლოოდ, კვლავ გია ხუხაშვილს დაბრალდეს... ანუ ხუხაშვილს  კადრების გავრცელებას აბრალებდნენ და არ გამოუვიდათ, ახლა შეეცდებიან, რომ  ფიზიკური ანგარიშსწორების დაკვეთა დააბრალონ.

ბატონო მინისტრო, გთხოვთ სასწრაფოდ მიიღოთ სათანადო ზომები, ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოთ ხსენებული პირების უსაფრთხოება. მზად ვარ,  ვითანამშრომლო გამოძიებასთან. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ბინძური სკანდალის ორგანიზატორები გამოვლენილნი იქნებიან და სათანადოდ დაისჯებიან.

პატივისცემით, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი
2013  წლის 14 მაისი. თბილისი.