საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. 13 მაისს მედიაკავშირი „ობიექტივის“ ოფისში პროდიუსერმა ილია ჩაჩიბაიამ და დილის გადაცემის წამყვანმა მამუკა ბაკურიამ ფრანგულ კლუბ-რესტორან „ლა-ტრუფეში“ 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, რომელსაც საქინფორმის კორესპონდენტიც ესწრებოდა.
ბაკურიას განმარტებითვე, იმის გამო, რომ რესტორანში თურმე მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, ვიდეოკამერები გამორთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჩხუბის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე წავიდა.
„ყველა მათგანი ძალიან უღირსად იქცეოდა. ბატონი დავით საყვარელიძე ძალიან კარგად იფურთხებოდა, ეტყობა, სპეციალურ მასწავლებელთან დაჰყავდათ. საშინელი აგრესია იყო მათი მხრიდან. ქალსაც კი ხელით შეეხნენ - მანანა გიორგობიანს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ ჩხუბის დროს ვანო მერაბიშვილიც იქ იმყოფებოდა, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა მამუკა ბაკურიამ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 11 მაისს, გვიან ღამით, კლუბ-რესტორან „ლა-ტრუფეში“ სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მამუკა ბაკურიასა და მის მეგობრებს შორის ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
![]() |