ქობულეთის ტურისტულ ზონაში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, მაგრამ არქეოლოგებს მუშაობაში ხელს ის ინვესტორები უშლიან, რომლებმაც აღნიშნული ტერიტორია შეისყიდეს.
ბათუმელი არქეოლოგები მოითხოვენ, ინვესტორებმა წინასწარ გაიღონ თანხები ტერიტორიის მისი არქეოლოგიური შესწავლისთვის, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მშენებლობის წარმოება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ფიჭვნარში მიწა, ყოველგვარი პირობის გარეშე, სიმბოლურ ფასად გაიყიდება და იქ სასტუმროების მშენებლობა დაჩქარებული ტემპით დაიწყება.
მეცნიერთა მტკიცებით, ტერიტორია, სადაც ახალი სასტუმროები უნდა აშენდეს, ძეგლია და არქეოლოგიური გათხრების დასრულებას რამდენიმე თვე სჭირდება.
თანხა ძეგლის შესასწავლად ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოყო. უკვე 12 წელია, ძეგლი უნივერსიტეტის დაფინანსებითა და მათი პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ითხრება. მეცნიერული შესწავლის გარეშე კი ძეგლის ნებისმიერი ნაწილის განადგურება დაუშვებელია.