გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამკვიდრა ქვეყანაში დიდი სამამულო ომის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, რის შედეგადაც ქართველ ვეტერანებს ჩამოერთვათ ბევრი ის შეღავათი, რომელიც არსებობდა საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ჩვენს ვეტერანებს არ აქვთ საშუალება შეღავათიანი წესით მიიღონ ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტები (ანუ საქართველოს პასპორტი, რომელიც საშუალებას იძლევა, იმოგზაურო საზღვარგარეთ). როგორც ცნობილია, ამგვარი პასპორტის ფასი შეადგენს მინიმუმ 100 ლარს და ამ თანხის გადახდის საშუალება ქართველ ვეტერანებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ. აქვე აღვნიშნავთ სამწუხარო ფაქტს, რომ არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ომის ვეტერანებს ისეთი სავალალო მატერიალური მდგომარეობა არ აქვთ და სახელმწიფოს მიერ იმგვარად უყურადღებოდ არ არიან, როგორც საქართველოში.
ამიტომაც, ევრაზიის ინსტიტუტმა არაერთგზის წერილობითი თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველეყო ქართველი ვეტერანების 20-კაციანი ჯგუფის შეხვედრა ოს ვეტერანებთან, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. ქართველი ვეტერანები გადალახავდნენ საზღვარს ნეიტრალურ ზონაში, იქ შეხვდებოდნენ რუს და ოს ვეტერანებს და საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი პრაქტიკა მიღებულია საერთაშორისო ურთიერთობებში და ის არანაირ პრობლემას, არც იურიდიულს და არც პრაქტიკულს, არ წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოსთვის.
მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი წერილობითი და სატელეფონო დაკავშირებისა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განმარტება ვერ მივიღეთ, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით. არც დადებით და არც უარყოფით პასუხს სამინისტრო არ გვაძლევდა. ჩავთვალეთ, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია და შსს არ დააბრკოლებდა ღვაწლმოსილი ვეტერანების გადასვლას საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან აღვნიშნავთ, რომ რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტმა, შესაბამისი თანხმობის წერილი გამოაგზავნა საქართველოს შსს-ში, თანაც ორჯერ. ასევე აცნობეს ქართველ კოლეგებს უშუალოდ სასაზღვრო-გამშვებ პუნტზე, ლარსში. ამასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომ ქართველი ვეტერანები გადასულიყვნენ ნეიტრალურ ზონაში, არსებობდა. ეს უზრუნველყო ევრაზიის ინსტიტუტმა.
მაგრამ ამა წლის 7 მაისს, დაახლოებით 13 საათზე, როდესაც ვეტერანთა დელეგაცია მივიდა ლარსის გამშვებ პუნქტზე, მათ არ მიეცათ საზღვრის გადალახვის საშუალება. სასაზღვრო პოლიციის გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი ძალზე შეწუხდა შექმნილი სიტუაციის გამო და ეცადა დაკავშირებოდა უფროსობას მის უწყებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მზად იყვნენ ჩვენს დელეგაციას თან გაჰყოლოდნენ, ნეიტრალურ ზონაში, ასეთი თანხმობა სამინისტროდან მაინც არ გაიცა.
ევრაზიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოში. ამ წარმომადგენლის განცხადებით, თურმე, „სასურველი არ ყოფილა“ ასეთი ტიპის ღონისძიებების ხელშეწყობა და წახალისება. ეს, თურმე, ნიშნავს საქართველოს მიერ რუსეთის წინაშე „პოზიციების დათმობას“. უცხო სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლის ამგვარი პოზიცია გახდა რეალური მიზეზი იმისა, რომ არ შედგა ვეტერანების შეხვედრა ნეიტრალურ ზონაში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
ევრაზიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ყოველივე ის, რაც მოხდა, არის პროვოკაცია, რათა გამოეწვიათ საქართველოს ვეტერანები, ასევე ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის, და კერძოდ, შსს-ს მინისტრის წინააღმდეგ მკვეთრი გამონათქვამების გასაკეთებლად. ეს არის აშკარა და უტყუარი. ევრაზიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია გაშიფრულია და სთხოვს საქართველოს მთავრობას, ყურადღება მიაქციოს ამ ინციდენტს, და მთლიანად, ვეტერანების პრობლემებს, რომლებზეც 8 მაისს, გრიბოედოვის თეატრში გამართული შეხვედრის დროს, დაწვრილებით თავად ვეტერანებმა ისაუბრეს.
ევრაზიის ინსტიტუტი,
თბილისი, 2013 წლის 8 მაისი“