საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოშო მიმდინარე მოვლენების შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მოსკოვიდან გვესაუბრება.
- ბატონო კახა, 19 აპრილის აქცია თუ ნახეთ?
- ვნახე, ყველა დამნაშავე ერთად იყო თავმოყრილი. მე რომ ვყოფილიყავი, ვინც იქ გამოდიოდა, ყველას, სააკაშვილის მეთაურობით, გადავიყვანდი “კაპეზე”-ში და იქიდან - ციხეში. სააკაშვილი არის საქართველოს ნომერი პირველი მოღალატე, ქვეყნის დამაქცევარი და გამანადგურებელი, ყველანაირი სიბინძურის შემოქმედი.- აქციაზე ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება დააანონსეს...
- ვინა არის ეროვნული - სააკაშვილი თუ მერაბიშვილი? სააკაშვილმა არ წაგვართვა ეროვნება? 19 აპრილს საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი ანტიეროვნული მოძრაობა.
- განახლებისა და მოღვაწეობის გაგრძელების რა შანსი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”?
- ეგენი უნდა განახლდნენ ციხეში! მე რომ ვყოფილიყავი აქამდე ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა, თანაც ყველაფერი კვალიფიციურად იქნებოდა გაკეთებული. გახსოვთ, ჩვენ რომ კრიმინალური ბანდები დავიჭირეთ და ტერორისტული აქტები გავხსენით, ყველა საქმე მტკიცებულებებით იყო გამყარებული. მიშას და მისი ბანდის წინააღმდეგ იმდენი მტკიცებულება არსებობს, რა უნდა მაგათ დაჭერას? სააკაშვილს მილიარდები აქვს მოპარული ბიუჯეტიდან. იმდენად ღორები იყვნენ, რომ ისიც კი არ უნდოდათ, რესტორნებსა და ბარებში თავიანთი ჯიბიდან გადაეხადათ ფული. თევზისა და ლობსტერის კუდის ფულს ბიუჯეტიდან იხდიდა ეს უნამუსო.
რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯები რომ გამოქვეყნდა, ეს არის სახელმწიფო ფულის ფლანგვის კლასიკური მაგალითი. დამნაშავეები ჯერ უნდა დაეჭირათ და მერე უნდა გამოქვეყნებულიყო ეს. ეკონომიკური დანაშაულის სპეციალისტი ვარ და სახელმწიფო ფულის ფლანგვის ასეთი კლასიკური მაგალითი იშვიათად შემხვედრია. მაპატიეთ და, სააკაშვილის თუ თავისი “ნაშებისთვის” საჩუქრის ყიდვა უნდოდა, სახელმწიფო რა შუაშია? ბიუჯეტის ფული უნდა დახარჯო იმაში, რომ ლობსტერის კუდით ამოივსო მუცელი? როგორც კი ეს საბუთები მოიპოვეს, მაშინვე უნდა დაესვათ სააკაშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ასეთი საბუთები რომ ენახათ ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში? ახლა რა გამოდის? ვიცით, რომ სააკაშვილი ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავს და ვპატიობთ? ვერ გავიგე, რატომ უნდა ვაპატიოთ, რა ვალი გვაქვს მისი ამისთანა, რომ მილიარდები ვაპატიოთ? ომის მერე 4 მილიარდი შემოვიდა ქვეყანაში და იქიდან ერთი თეთრიც არ მოხმარებია ქვეყანას. ეს ფული მთლიანად სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის ჯიბეებში წავიდა.
- სანამ აქცია ჩატარდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანაა “ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენა...
- რამ ათქმევინა ასეთი სისულელე დათო უსუფაშვილს? ფაშისტების გადარჩენა როგორ შეიძლება? მათი გადარჩენა იქნება დანაშაულის დაფარვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება კრიმინალის მონაწილე უნდა გახდეს. დათო უსუფაშვილი ჭკვიანი კაცია და როგორ თქვა ასეთი რამ? როგორ შეიძლება მათ გადარჩენაზე საუბარი, როცა ახლა უკვე ამერიკელებიც ღიად საბრობენ იმის შესახებ, თუ როდის და როგორ დაიგეგმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება.
- პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება უნდა მოხდეს და სააკაშვილიც უნდა დაიკითხოს.
- გაიხსენეთ, თქვენთან ინტერვიუში რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ომი უნდა დაწყებულიყო 2001 წელს. 2001 წელს უნდა მომხდარიყო იგივე, რაც მოხდა 2008 წელს. ზუსტად ისეთივე სცენარები იყო. მე ეს არ დავუშვი და ამის გამო გადავდექი. როცა ვამბობდი, ომი დაწიყება-მეთქი, დამიჯერა ვინმემ? მომისმინა ვინმემ? ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ, რას ვამბობდი.
სააკაშვილი კი არ უნდა დაიკითხოს, არამედ სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ! აგვისტოს ომში უამრავი ადამიანის სისხლი დაიღვარა ტყუილუბრალოდ, ეს ნაძირალა კი რა სისულელეებს ლაპარაკობს! ანტისახელმწიფოებრივია იმის განცხადება, ომი მე დავიწყეო. სააკაშვილის ყველა ქმედება იყო ანტისახელმწიფოებრივი და, მათ შორის, ომის დაწყებაც. ქვეყანას მაშინ მიადგება ზიანი, თუ ჩვენ სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულს დავფარავთ. ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობა არ გამოვა, თუ სიმართლეს არ ვიტყვით.
ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რუსები ანგელოზები არიან, მაგრამ უნდა გამოჩნდეს, რა გააკეთეს რუსებმა და რა გააკეთა ამ ნაძირალამ. უნდა ვიცოდეთ, ვინ იყო ამ ომის ინიციატორი. გასარკვევია - სააკაშვილი ჩაითრიეს, მოატყუეს თუ თავადაც აწყობდა ომში ჩათრევა, რათა საკუთარი დანაშაულები დაეფარა? რატომ დატოვა უპატრონოდ და რატომ ჩააბარა რუსებს ამდენი იარაღი? რატომ შეიტანეს იარაღი კოდორში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად დაუცველი იყო ხეობა? თუ გამოძიება დაიწყება, გარწმუნებთ, სააკაშვილის დიდი დანაშაული გამოაშკარავდება და ამის ეშინია მას. თუმცა, რა ვიცი, დაიწყება გამოძიება? მე ჯერ გამოძიებული ვერაფერი ვნახე.
- იქნებ მართლა სჯეროდა სააკაშვილს, რომ ტერიტორიებს დაიბრუნებდა?
- (იცინის) ბოლო საუკუნეების მსოფლიოში სულ სამმა კაცმა გაბედა, რუსეთისთვის ომი დაეწყო ნაპოლეონმა, ჰიტლერმა და სააკაშვილმა. სააკაშვილი ნაპოლეონს შეედრება თუ ჰიტლერს? თვისებებით შეიძლება, ჰიტლერს შევადაროთ, მაგრამ სად მივა მასთან?
ვიმეორებ, ომის უნდა დაწყებულიყო 2001 წელს. მე ვარ ამ პროცესის უშუალო მონაწილე, იმ პროცესების ამსახველი ყველა საჭირო დოკუმენტი და მასალა მაქვს. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ომის დაწყების სცენარი შემუშავებული ჰქონდათ სააკაშვილსა და ჟვანიას. მეტი რა ვქნა? არ არის საკმარისი გამოძიების დასაწყებად? სროლები უკვე დაწყებული იყო, მოვასწარი, ჩავედი რუსეთში და გავაგებინე რუსეთის ხელისუფლებას, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რადგან ეს ორივე ქვეყნისთვის ცუდი იქნებოდა. თქვენ რა გგონიათ, რუსეთს არ შეუქმნა პრობელემები 2008 წლის აგვისტოს ომმა? უზარმაზარი პრობლემების წინაშე დააყენა რუსეთი, მაგრამ ეს სხვა, ძალიან ვრცელი საუბრის თემაა.
თქვენთან ინტერვიუებში რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ისიც, თუ რა იყო ამ ომის მიზანი. ისევ გავიმეორებ. ომის მიზანი იყო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვერასდროს შემდგარიყო კომუნიკაცია. ეს მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია. ხომ ხედავთ, რა ხდება, ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვერ პოულობენ საერთო ენას რუსეთთან. ვერც იპოვიან, იმიტომ, რომ ურთულესი მდგომარეობაა შექმნილი. რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან არ მიაქვს. საქართველოს ხელისუფლება კი იმ დათმობაზე არასდროს წავა, რომ ამ ტერიტორიებზე უარი თქვას.
მეტსაც გეტყვით, იცით, რატომ გადააყენეს შევარდნაძე? ამხელა დამსახურების ქმონე კაცს, რომელსაც პრეზიდენტობის რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, ამერიკელებმა სააკაშვილი-ჟვანიას ხელით გადატრიალება მოუწყეს. შევარდნაძეს არ აპატიეს ის, რომ აფხაზეთის პრობლემა უკვე პრაქტიკულად მოგვარებული იყო. დიახ, ხმამაღლა ვამბობ, შევარდნაძე გადააყენეს იმიტომ, რომ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში არ დაეშვათ. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგება არ შედიოდა ამერიკის ინტერესებში.
- როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მაინც ახერხებდა რუსეთთან-საერთო ენის გამონახვას, იმიტომ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ბევრი სტრატეგიული ობიექტი აღმოჩნდა რუსეთის ხელში.
- ეს ორი სხვადასხვა თემაა. სააკაშვილი აკეთებდა “მაყუთს”. მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი ხომ არ ვიყავი, მაგრამ არცერთი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზე არ გავაყიდინე. მოლაპარაკებების დროს რუსეთის ხელისუფლებას ვეუბნებოდით, ყველაფერზე თანახმა ვართ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება-თქო. სააკაშვილმა კი ყველაფერი გაყიდა.
- ამერიკა ახსენეთ და, სააკაშვილის ყოფილმა ამერიკელმა მრჩეველმა ისიც თქვა, რომ ჟვანიას სიკვდილს ხელი დააფარა ამერიკამ. შესაძლებლად მიგაჩნიათ, ასეთი რამ მომხდარიყო?
- შესაძლებლად მიმაჩნია! თავიდან ბოლომდე წავიკითხე ფედერალური ბიუროს დასკვნა და ვერაფერი გავიგე. მთელ აღწერილობით ნაწილში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულ გარემოებაში ადამიანი გაზით არ გაიგუდებოდა და უცებ, ბოლოში წერია, რომ ეთანხმებიან საქართველოს საგამოძიებო ორგანოების გადაწყევტილებას. რას ნიშნავს ეს? ამის შემდეგ გამოქვეყნდა გერმანელი ექსპერტების დასკვნა, რომელთაც ამერიკელების დასკვნა გააცამტვერეს. გერმანელები პირდაპირ წერდნენ, რომ მათთვის გაუგებარია ამერიკელი ექსპერტების დასკვნა იმიტომ, რომ მთელ აღწერილობით ნაწილში იყო მტკიცება იმისა, რომ ამ გარემოებაში ადამიანი არ დაიღუპებოდა.
- თუკი ამერიკელებმა ხელი დააფარეს ჟვანიას მკვლელობას, დღეს შესაძლებელი იქნება მისი გამოძიება?
- ჟვანიას მკვლელობაზე განმარტებებს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ როცა ფედერალური ბიუროს დასკვნა წავიკითხე, ვნახე, რომ ეს არის არაპროფესიონალურად გაკეთებული. ისიც ვიცი, რომ ფედერალურ ბიუროში პროფესიონალები არიან. მაშ, რა მოხდა? ლოგიკური დასკვნაა, რომ ხელი დააფარეს ჟვანიას მკვლელობას. ბუშის ადმინისტრაცია რომ სააკაშვილს ხელს აფარებდა, რად უნდა ამას თქმა?
ამერიკელებს დღესაც არ აწყობთ, გამოაშკარავდეს, რომ ესენი არიან ყაჩაღები, ბანდიტები, კრიმინალები. ამის გამო მათაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. სულ მცირე, იმისთვის შეექმნებათ პრობლემები, რომ ამ კრიმინალებს წლების მანძილზე მილიონებს აძლევდნენ.
ამერიკელი ხალხი ისე კი არ გაჩუმდება, როგორც ჩვენ ვხუჭავთ თვალს სააკაშვილის დახარჯულ მილიონებზე, ისინი აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს ხელისუფლებას, რომელიც მათი ფულით კრიმინალ სააკაშვილს აფინანსებდა.
- როგორც ჩანს, უკმაყოფილო ხართ სამართლიანობის აღდგენის პროცესით.
- ერთი კაცი მაჩვენეთ, რომელიც ამით კმაყოფილია. მარტო ბაჩო ახალაიას დაჭერაა სამართლიანობის აღდგენა?
- დათა ახალაიას განცხადების შესახებ რას იტყვით, სადაც იგი ვანო მერაბიშვილს მრავალ ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ მთავარი დამნაშავე ის არის?
- ამ ნაძირალა სააკაშვილმა რა თქვა - ორ-სამჯერ მყავს ახალაია ნანახიო... ორ-სამჯერ კი არა, მისი ოჯახის წევრები იყვნენ ახალაიები! ახლა დასჭირდა და ფეხებზე დაიკიდა. ასეთია სააკაშვილი, საკუთარი თავის გადასარჩენად ყველას გაწირავს. ამასაც ვამბობდი, მაგრამ ვინ მიჯერებდა? ახალაიას და ადეიშვილს რაც სიბინძურეები აქვთ გაკეთებული, უარესი ეკუთვნით, მაგრამ ახლა უნდათ, რომ გაქცეულებს შეახოცონ ხელი.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მთავარი დანმაშავე. ეგენი ყველანი დამნაშავეები არიან, ჯერ საკანშო უნდა შევყაროთ და ნომრები მირე მივანიჭოთ. ვიცი, რომ ნომერ პირველი დანმააშავე არის სააკაშვილი, მერე - ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. ბობოლა დამნაშავეებიდან სულ 80-100 კაცი იქნება დასაჭერი, შედარებით წვრილმანებიდან - კიდევ ასამდე. მათ 40 ათასი კაცი დაიჭირეს და რა უჭირს, ეს 200 კაცი რომ შევაგდოთ ციხეში?
- ამბობთ, რომ ამერიკას არ აწყობს ამ დამნაშავეების გამოაშკარავება. შესაძლოა, ხელისუფლებამ ამერიკის სურვილს ანგარიში გაუწიოს?
- ვიცი ერთი რამ. თუ ასე გაგრძელდება, მოხდება ძალიან ცუდი რამ - დაიწყება ანგარიშსწორებები, ლინჩის წესით გასამართლებები. დედებს შვილები დაუხოცეს, კაცებს ოჯახები დაუნგრიეს, ხალხს ცხოვრება წაართვეს, დააყაჩაღეს, ციხეებში გამოკეტეს - ვინ აპაიტიებს ამას? კიდევ გამოდიან ეს ნაძირლები და მოძღვრავენ ქართველს ერს. 19 აპრილს ამდენი დამნაშავე ერთად რომ დავინახე, გული შემიწუხდა, ესენი აქციებს ატარებდნენ კი არა, ციხეებში უნდა ისხდნენ. ვერ ვხვდები, რატომ ხდება ასე? შეიძლება, სააკაშვილის გადადგომას და სასამართლოს გათავისუფლებას ელოდებიან. ამასთანავე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდენენ ის გამომძიებლები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული კრიმინალში. ეს ადამიანები საკუთარ დანაშაულს ხომ არ გამოიძიებენ?
- სააკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის დასრულების მერე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. სად და როგორ წარმოგიდგენიათ ის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?
- სააკაშვილი უნდა წავიდეს ციხეში! მან გარყვნა და გაანადგურა მთელი ახალგაზრდობა, ხალხს ცხოვრება და ქონება წაართვა, სისხლი გამოგვწოვა, მილიარდები წაიღო, ომი დაიწყო, ტერიტორიები დაკარგა, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ციხეში ჩასვა? საერთოდ, ვინ არიან ეს “პეტუხები”. ამდენს რომ ბედავენ? რა საჭიროა ამდენი ლოიალობა, ჩაავლე ხელი, შეყარე ციხეში და დაამთავრე მაგათი ისტორია! ახლა ცოტა ისეთ ფრაზებს ვამბობ, მაგრამ ეგენი არიან არაადამიანები. მაგათთან ნორმალური ლაპარაკი როგორ შეიძლება.
- 19 აპრილის აქციაზე ერთი „პეტუხი“ სააკაშვილს გვერდით ედგა...
- ვნახე, თქვენი გაზეთიდან ვიცანი ის მაზმანიანი და ბევრი ვიცინე. სააკაშვილი და ეგ მაზმანიანი უნდა შეყარო ერთ საკანში. ეს, მე რომ ვიცი, იმდენი ვინ იცის, რამდენი რამე ვიცი... როგორ შეიძლეობოდა ამის პრეზიდენტობა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის ჩაქვის კადრები ხომ გახსოვთ? იმის შემდეგ ამ კაცის გაპრეზიდენტება როგორ დაუშვა ქართველმა ერმა? ამას თუ ყველაფერი შერჩა, რა გამოვიდა?
ისე, თუ ატყობთ, ბოლო დროს მაგარი შეშინებულია, ვაიმე, აგვისტოს ომის ამბები უნდა გამოიძიონო, - გიჟი არა ვარ, გიჟი არ ვარო, - გვიმტკიცებდა, გიჟი არ არის, კრიმინალია და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში! ამით მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო და არ გვეშინია სიმართლის თქმის. აფხაზებს და ოსებს დავუმტკიცებთ, რომ შეგვიძლია, ვაღიაროთ საკუთარი დანაშაული და ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ წინგადაგმული ნაბიჯი!
ესაუბრა თეა ასათიანი.