რელიგია
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

1-katolikos-rel3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო! ,,აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი” (ზატიკი) ქრისტე აღდგა! ზეიმობს ანგელოზთა დასი. ქრისტე აღდგა! გუგუნებენ ეკლესიის ზარები. და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ,,სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!” (Iკორ.15,55). მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა. ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა. მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველმშობლებმა მაცხოვნებელი მადლი დაკარგეს. მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი ,,ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს,” მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან, და განეფინება ადამის მოდგმას; სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული: ზოგიერთნი კმაყოფილდებიან ნათლობით მიღებული მადლით და აღარ ზრუნავენ მის გამრავლებაზე, სხვანი თავისუფალი ნებით ირჩევენ განვითარების საპირისპირო გზას და ბოროტის მსახურნი ხდებიან. როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას ადამიანს, შეიცნოს ღმერთი. ამაზეა ნათქვამი ,,სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.” (მათე 13,14). ისინი უქმ-ყოფენ თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს და მარადიული ტანჯვისთვის წირავენ სულს. ღვთის მსგავსება ნებისმიერ პიროვნებაში განაპირობებს სრულყოფილებისაკენ მის სწრაფვას. სრულქმნა კი არის ყოველი ქრისტიანის მოწოდებაც და ვალდებულებაც. იესო ქრისტე არის მაგალითიც ჭეშმარიტი ადამიანისა და, აქედან გამომდინარე, დადასტურება იმისა, თუ რა საოცარი შესაძლებლობებისაა ჩვენი შინაგანი სამყარო. მაცხოვნებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და, რაც მთავარია, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღმრთობისა. უნდა ითქვას ისიც, რომ, მართალია, იესო ქრისტე ყველა დროის უდიდესი მაგალითია, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ შეედრება, მაგრამ ცალკეულ ეპოქას თავისი ავტორიტეტები, თავისი გამორჩეული პიროვნებები მაინც სჭირდება, რომლებიც ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის თავდადებით ხალხს განამტკიცებენ და სწორი გზის მაჩვენებელნი არიან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულნი და მოწამენი, ღმეთშემოსილნი და ღირსნი მამანი და დედანი, ჩვენი დიდებული მეფენი და დედოფალნი, სასულიერო პირნი, თავადაზნაურთა და დაბალი ფენის წარმომადგენელნი საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდნენ საზოგადოებას. ათეისტურ პერიოდში ისინი შეცვალა ინტელიგენციის, მუშათა კლასისა და სამხედრო პირების (განსაკუთრებით სამამულო ომის დროს) მაშინდელმა რჩეულმა ნაწილმა (რომ აღარაფერი ვთქვათ ბელადებზე), რომელიც ქვეყნის ერთგვარ ზნეობრივ სახეს ქმნიდა. ჩვენს დროში კი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ესეც მოისპო და, შეიძლება ითქვას, უღირსთა ზეობის დრო დადგა. ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ გვსურს, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და სათანადო ორიენტირები თავიდანვე განვსაზღვროთ. საერთოდ, პიროვნება და საზოგადოება ერთმანეთს ასაზრდოებენ. ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად სარწმუნოებაც განაპირობებს. როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სირთულეები ჩნდება, აქტიურდება პიროვნებების როლი და მათი ჯანსაღი, მტკიცე პოზიცია დიდ როლს ასრულებს მდგომარეობის გამოსწორებაში. პრობლემის სათავე უღმერთობა ანუ უმადლობაა. მადლის ნაკლებობა ჩვენ, ქრისტიანებსაც, გვახასიათებს, რადგან ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ უფალს, გულით და საქმით კი შორს ვართ მისგან; ამასთან, ვემსგავსებით სახარებისეულ მართას, რომელიც ცდილობს, მაცხოვარს მიწიერი საქმეებით აამოს და ,,ზრუნავს მრავალთათვის.” უფალი კი გვეუბნება, _ ,,აქა ერთი არს სახმარ.” ანუ, უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის. ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით, დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან. წმინდა წერლიდან ვიცით, რომ პირველქმნილ ცოდვას მოჰყვა მისი შედეგი, _ სიკვდილი, სიკვდილს კი, _ ჯოჯოხეთი და ეშმაკის მეუფების ტყვეობაში გარდაცვლილთა სულების დამკვიდრება. ასე გახდა სიკვდილი და ხრწნილება ადამიანის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ხილული სამყაროს ხვედრი. სიკვდილი ორგვარია _ ხორციელი და სულიერი. ხორციელი სიკვდილი გულისხმობს სხეულის გაყრას უკვდავ სულთან. ამას ვერავინ გადაურჩება. სულიერი სიკვდილი კი დგება გარდაცვალების შემდეგ, თუ სული ამქვეყნად არ იყო დაკავშირებული ღვთაებრივ მადლთან. უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დარღვია რა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა. მანამდე მან არ იცოდა, რა იყო ეს გრძნობა. შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისაგან; ამიტომაც იგი ჩვენი ცხოვრების თანმდევია; ამქვეყნიურ საზრუნავში დანთქმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების; ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახსრობის და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რადგანაც ყველაზე მეტად ეს აძრწუნებს. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არა აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას. გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსაცდელში მყოფმა, სასჯელის შიშით, სამგზის უარყო ქრისტე. შემდეგ კი, როდესაც ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით სიმტკიცის კლდედ აღდგა რწმენაში, მისთვის სიკვდილის შიში დაიძლია და პირიქით, ითხოვდა მძიმე ხვედრს, _ თავდაღმა ჯვარცმას, _ ოღონდ უფალს შეერთებოდა და მასთან ერთად ყოფილიყო განუშორებლად. ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, _ მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს. ,,უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი”(იგავ.14,27), _ ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას და ღმერთთან მყოფობის დასაწყისს. ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე. ასეთი ადამიანი მოყვასს აღიქვამს როგორც საკუთარ თავს და საკუთარ თავს კი ჩრდილში აყენებს. იგი კეთილგანწყობილია ახლობელთა და შორებელთა, ნაცნობთა და უცნობთა, მდიდართა და ღარიბთა, მოკეთეთა და მოძულეთა მიმართ. ღირსეულნი და სათნონი, რა თქმა უნდა, მათი თვისებების გამო უყვარს, ცოდვილნი კი იმიტომ, რომ არასწორი ქცევით თვითონვე სჯიან საკუთარ თავს და სულს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ. ამიტომაც შესაბრალისნი არიან და ლოცვით შეწევნას საჭიროებენ. თავისი ქცევის მიუხედავად ყოველი ადამიანი ხილული სამყაროს გვირგვინია. ამიტომაც, გაიღო ასეთი მსხვერპლი მაცხოვარმა, _ განკაცდა, რათა ჩვენთვის ღვთის შვილობის მადლი მოენიჭებინა და ახალ ადამიანად, ცოდვებისაგან თავისუფალ პიროვნებად ყოფნის საშუალება მოეცა. უფლის ამქვეყნიური ცხოვრებაც ნათელი დადასტურებაა ადამიანისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულისა: როგორ წყალობს იგი უძლურებს, დავრდომილებს, დამცირებულებს, როგორია მისი დამოკიდებულება ბავშვებთან, მოწაფეებთან, ახლობლებთან მიმართებაში, ასევე ავაზაკის, ზოგადად ცოდვილების და მტრების მიმართ; ყოველივე ამით მან ადამიანის მნიშვნელობა და ღირსება წარმოაჩინა. ,,რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა? (მათე,16,26), _ ბრძანებს უფალი. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვაქვს და არც არასწორ ცხოვრებას ვცვლით. თუნდაც ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყველასთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმობთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობთ სულიერ სიჯანსაღეზე. თითქოს ჩვენი უკვდავი სული, ჩვენი მარადიული არსებობისათვის განმსაზღვრელი არ იყოს. ბევრმა ისიც არ იცის, რომ ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, _ მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, _ ძალიან მძიმე სნეულებისაგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელობასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის. ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა. საერთოდ, აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, _ ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, _ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრების წესად აქციოთ ლოცვა და თქვენს სულზე ზრუნვა, რათა საკუთარი თავიც იხსნათ მარადიული ხრწნილებისაგან და შთამომავლობასაც თქვენი ცოდვები სიმძიმედ არ დაუტოვოთ (ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ღვთის წინაშე კი ყველა მხოლოდ თავის დანაშაულზე აგებს პასუხს). უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა, – აბორტი. მე ადრეც შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება. ბოროტმოქმედის სიკვილით დასჯა მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. (მათ მიმართ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პიროვნების გამოსწორებისათვის). აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება. აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც; მითუმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას. მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, წახალისებულიც. ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე, თორემ მოგკლავო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ, როგორ თანხმდება იგი მუცლადმყოფი შვილის წამებით სიკვდილს?! მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს. გაუგებარია ისიც, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, როდესაც ყველამ იხილა ფილმი ,,ჩუმი ძახილი,” როგორღა დგამს ამ ნაბიჯს მშობელი, ან როგორ აკეთებს ამას ექიმი-გინეკოლოგი? ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი - ნერვიულ გამოვლინებებს. ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრადშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება. ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ. როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული). მანამდე კი, მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად. მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა. განწყობის თეორია კარგად უნდა შევისწავლოთ და დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმშენებლობისათვის. განწყობა უნდა შეიქმნას, მაგალითად, სოფლის აღორძინებისათვის, ასევე საზღვრისპირა და მთის რეგიონების განაშენიანებისათვის. რა თქმა უნდა, სათანადო ინვესტიციების მოძიებაც აუცილებელია, მაგრამ მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. განწყობა უნდა შეიქმნას განათლების სისტემის აღორძინებისათვის, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მოთხოვნილების გაძლიერებისთვის, ღრმა აზროვნების დანერგვისათვის, მეცნიერების წინსვლისათვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ჯარის განმტკიცებისათვის, ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული იდეოლოგიის დაცვისათვის.………… ამ სოფლად ჩვენთვის მოცემულ სივრცესა და დროში უნდა მოვასწროთ ზეცად ამყვანაბელ კიბეზე აღსვლა. როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ღირსეული ქრისტიანენი და დავიწყეთ თუ არა ზესვლა? ეს ძნელი არ არის. მატერიალური აზროვნების მქონე პიროვნება ბედნიერებას მხოლოდ მომხვეჭელობაში ჰპოვებს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი, _ მოწყალების გაცემაში. გამიწიერებული ადამიანი საკუთარი თავის და თავისი შესასძლებლობების მოიმედეა, სულიერი კი, _ მხოლოდ ღმერთის. მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს. არაეკლესიური ცნობიერების მქონე სხვებზე მბრძანებლობს, მორწმუნე კი _ თავის ვნებებზე. ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, _ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო, ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო რწმენით მივეახლოთ ჩვენი უფლის ბრწყინვალე აღდგომის მაცოცხლებელ მადლს და შევიმოსოთ სიმართლის საჭურველი, რათა ,,ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით~ (რომ.6. 20,8). მაშინ გავემიჯნებით საყოველთაოდ გაბატონებულ ეგოცენტრიზმს, _ თავისმოყვარეობას, _ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სწორედ ეგოიზმია, სხვისთვის სიყვარულით აღსრულებული მსახურება კი - ჩვენი გადამრჩენელი. აღმოვაჩენთ, რომ ღმერთის სიყვარული განუყოფელია მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს. და თუ ყოველივე ამას ჩვენს ცხოვრებაში რწმენით აღვასრულებთ, შევიმოსავთ ქრისტეს და ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. `დაითესება ჩვენი სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი …... დაითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, დაეთესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში” (Iკორ.15,42-44). მაშ, `ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, არამედ როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს!~ (რომ. 6, 12). ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

აღდგომა ქრისტესი, 2013 წელი“