სამართალი
გოგორიშვილი: „უფასო სახელმძღვანელოები ჟურნალისტ შავერდაშვილის მამის სტამბაში დაიბეჭდება“

xatuna-gogorishviliსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება  მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ კორუფციული გარიგებების შესაძლებლობად იქცა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ ტენდერის ჩატარების ნაცვლად სახელმძღვანელოების დასაბეჭდად  სტამბები შეირჩევა.

„ოთხმა სტამბამ, როგორც მინიმუმ, 2 კვირით ადრე იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ და სწორედ ამ მიზნით მათ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება შექმნეს. მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ გაერთიანების შექმნა 29 მარტით თარიღდება, ანუ 10 დღით ადრე და 4 შპს, ესენია – "ფავორიტ პრინტი", "ფორმა", "სეზანი" და "ენვეპე". ეს გახლავთ 4 შპს, რომლებიც გაერთიანდა და შემდეგ სწორედ ის შეარჩია განათლების სამინისტრომ. ამ სტამბების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ეს მათთვის ადრეც იყო ცნობილი და ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. ამ სტამბებიდან მინიმუმ ორი ნამდვილად არ არის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლის შედეგად შერჩეული. სტამბა "სეზანი" "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ჟურნალისტის შორენა შავერდაშვილის მამას ეკუთვნის, რომელიც "სეზანის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება მეორე ფირმას "ფავორიტ პრინტს", მისი ხელმძღვანელია ივანე თევდორაშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმა გახლავთ. ალბათ, გახსოვთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიდრე მინისტრის მოადგილე გახდებოდა, ბანკი "ქართუს" დირექტორის მოადგილე იყო. ასევე ერთი ნიუანსია, რომ ამ შეკვეთიდან ყველაზე დიდი წილი - 40% სწორედ ამ სტამბამ აიღო", - განაცხადა გოგორიშვილმა.