სამართალი
ირინე იმერლიშვილის მეუღლის კომპანია ტენდერში დისკვალიფიცირებულია

imerliSvსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანია "ფუდლაინ ჯორჯია"  თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მეორე ტენდერში, რომელიც  კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეთა კვებას ეხებოდა, დისკვალიფიცირებულია.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის წევრებმა ტენდერში მონაწილე კომპანიების - შპს "ფუდლაინ ჯორჯიასა" და შპს "GMM"-ს მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია განიხილეს,  სატენდერო პროცედურებიდან ორივე კომპანია  დისკვალიფიცირებული იქნა დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო.

თავდაცვის უწყებამ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის, სასადილოებისა და კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვების ღია ელექტრონული ტენდერი 2013 წელის 18 თებერვალს გამოაცხადა და ამჟამად სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მანამდე თავდაცვის სამინისტრომ უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 34-მილიონიან ტენდერში კომპანია „ფუდლაინ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა და განმარტა, რომ აღნიშნული კომპანია საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო 17 აპრილს ტენდერიდან მოიხსნა. მეორე ტენდერში კი ხსენებული კომპანია იმ დროისათვის მეორე ეტაპზე იყო გადასული და დოკუმენტაციის წარდგენა 19 აპრილამდე მოეთხოვებოდა.