საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ხელმძღვანელთან ლალი ანთიასთან.
- ქალბატონო ლალი, ყურადღებით გისმენთ და ბრძანეთ, რა არის ის, რასაც აქამდე არ ამბობდით და ახლა გადაწყვიტეთ, საზოგადოებას ამცნოთ?
- დიახ, მე თქვენ წინა ინტერვიუებში არაერთხელ გითხარით, რომ მოვიდოდა დრო და ისეთ რაღაცეებს ვიტყოდი, სააკაშვილს საქართველოში აღარ დაედგომებოდა. დიახ, შეგპირდით, რომ ვიტყოდი, რა სიბინძურის თქმას მთხოვდა ზურაბ ჟვანიას შესახებ და რა დავალებით გამომიშვეს ციხიდან.დღეს გადავწყვიტე, ვთქვა ის სათქმელი, რასაც წლებია, გულში ვინახავ და რაც სულს მიმძიმებს, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთ დეტალს საგამოძიებო ორგანოებისათვის შემოვინახავ, რადგან ვთვლი, რომ ყველაფრის საჯაროდ თქმამ, შესაძლოა, საქმეს ავნოს.
- კი ბატონო, დაიწყეთ.
- მე ვარ ერთგულების მსხვერპლი. დიახ, სააკაშვილმა მე და მთელი ჩემი ოჯახი გაგვანადგურა იმიტომ, რომ მე არ ვუღალატე ჩემს მეგობარს და ჩემთვის ძვირფას ადამიანს ზურაბ ჟვანიას.
ახლა ძალიან ვღელავ, ჩემო ჯაბა, იმდენი რამე მაქვს სათქმელი, არ ვიცი, საიდან დავიწყო.
- დამშვიდდით, ქალბატონო ლალი, და დალაგებულად მომიყევით ყველაფერი.
- ერთმა ცნობილმა ნაციონალმა დეპუტატმა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრად ითვლება და რომელიც დღესაც საპარლამენტო უმცირესობის წევრია, 2006 წლის 20 სექტემბერს მოსკოვში გამამგზავრა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ქართველებთან შესახვედრად. დიახ, ამ ნაციონალი დეპუტატის დავალებით მე მოსკოვში შევხვდი იგორ გიორგაძის მეუღლეს და ცხონებულ ჯემალ გოგიტიძეს. თუ რისთვის გამიშვეს ნაციონალებმა მოსკოვში ამ ადამიანებთან შესახვდედრად, ამას საჭირო დროს და საჭირო ადგილას ვიტყვი!
- რომელი ნაციონალი დეპუტატის დავალებით გაფრინდით მოსკოვში, არ გვეტყვით?
- ჯერჯერობით თავს შევიკავებ მისი ვინაობის დასახელებისაგან, მაგრამ აუცილებლად დავასახელებ, მოვა ამის დრო.
2006 წელს მონაწილეობას ვიღებდი ადგილობრივ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვე და ზუგდიდდის საკრებულოს წევრი გავხდი, არჩევნებამდე ორი დღით ადრე შეხვედრაზე დამიძახა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ. მასთან კაბინეტში იჯდა იმდროინდელი დეპუტატი ლაშა დამენია. გოროზიამ პირდაპირ მითხრამ რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. ბუნებრივია, ვკითხე, რატომ-მეთქი? გოროზიამ მაგიდაზე მუშტი დაარტყა და მკაცრად მითხრა, ასეა საჭირო და განცხადება უნდა გააკეთო, რომ არჩევნებს ეთიშებიო.
ბუნებრივია, გოროზიას ბრძანებას არ დავემორჩილე, არჩევნებში მონაწილეობა მივიღე და, როგორც გითხარით, გავიმარჯვე კიდეც. შემდგომ გავიგე, რომ გოროზიას და დამენიას არჩევნებიდან ჩემი ჩამოშორების ბრძანება პირადად სააკაშვილისგან ჰქონდათ მიღებული და რაკი ეს არ გამოუვიდათ, ამის გამო სააკაშვილთან პრობლემები შეექმნათ.
- სააკაშვილს რატომ უნდოდა არჩევნებიდან თქვენი ჩამოცილება?
- სააკაშვილთან, ამ გიჟ-ფანდურასთან, მე ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი და თვით ზურაბ ჟვანიამაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ჩვენი შერიგება. დიახ, ზურას რატომღაც სულ უნდოდა, რომ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, რადგან ავადმყოფი მიშას ატანა არ მქონდა.
სააკაშვილისთვის განსაკუთრებით მიუღებელი და საშიში გავხდი მას შემდეგ, როცა ხმამაღლა ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ღამეს ტელეფონზე ველაპარაკე. იგი შესანიშნავ ხაისათზე იყო და მითხრა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიდიოდა!
დიახ, მე ამის შესახებ განვუცხადე ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას სახლთან, შარტავას ქუჩაზე, როცა ზურას ცხედარი ჯერ კიდევ რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში ესვენა. ამ განცხადებიდან ზუსტად 15 წუთში მოვიდნენ ვიღაცეები, მტაცეს ხელი, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს `მოდულის~ შენობაში.
- პირდაპირ ზურაბ ჟვანიას სახლიდან წაგიყვანეს?
- დიახ, პირდაპირ ზურაბ ჟვანიას სახლის ეზოდან წამიყვანეს `მოდულის~ შენობაში და შემიყვანეს ერთ-ერთი ცნობილი მაღალჩინოსნის კაბინეტში. დიახ, პირდაპირ მითხრეს, ზურაბ ჟვანია `ისეთი~ იყო და რა სიტუაციაშიც იპოვეს მკვდარი, ეს არის მართალი, შენც თუ დაადასტურებ ამას, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილად იცხოვრებთ შენ და შენი ოჯახიო!
- რა უნდა დაგედასტურებინათ?
- მე ახლა ვერ გავიმეორებ იმ სიბინძურეს, მაგრამ გამოძიებას ყველაფერს ვეტყვი. იმ მაღალჩინოსნის გვარსაც დავუსახელებ, ვინც ასეთ სიბინძურეს მთავაზობდა, თუმცა, იგი ამას აკეთებდა სააკაშვილის დავალებით.
მეტსაც გეტყვით, ასეთი შემოთავაზება ჩემს მიმართ გააკეთეს არაერთხელ, დაპატიმრებამდეც და დაპატიმრების შემდეგაც.
დიახ, სანამ ციხეში მიკრავდნენ თავს, დამინახა ერთმა ამჟამინდელმა ნაციონალმა დეპუტატმა, რომელიც ზურას მეგობრად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში არის ზურას მოღალატე და მითხრა, შენ უნდა შეხვდე ვანო მერაბიშვილს და ისე უნდა მოიქცე, როგორც ის გეტყვისო. დიახ, მერაბიშვილს ჩემთვის უნდა ეთქვა, რომ მე გამოვსულიყავი და მეკეთებინა განცხადებები იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არ მომხდარა და ის სცენა, რაც კონსპირაციულ ბინაში დადგეს, რეალობას შეესადაგებოდა. რა თქმა უნდა, მერაბიშვილთან შეხვედრაზე უარი განვაცხადე და ზუსტად ორ დღეში, 2007 წლის 25 აგვისტოს, შეთითხნილი ბრდალდებით დამაკავეს!
- პატიმრობის პერიოდში რა შემოთავაზებები გქონდათ?
- საპატიმროდან პერიოდულად გავყავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კაბინეტში და მეუბნებოდნენ, რომ ციხიდან გამათავისუფლებდნენ იმ შემთხვევაში, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ ზურაბ ჟვანიას თბილისში ჰქონდა არაერთი კონსპირაციული ბინა, რომელსაც იყენებდა პირადი შეხვედრებისა და `იმ~ საქმისათვის! მილიონ დოლარსაც კი მპირდებოდნენ, თუ პრესით და ტელევიზიით ამ განცხადებებს გავაკეთებდი!
გარდა იმისა, რომ უკვე მოკლული ზურა ჟვანიას სიბინძურეში გახვევა უნდოდათ სააკაშვილს და მერაბიშვილს, მათთვის მთავარი იყო ისიც, მე გადამეთქვა და აღარ დამედასტურებინა, რომ სიკვდილის ღამეს ზურამ მითხრა, პრეზიდენტთან შესახვედრად მივდივარო! დიახ, მათ არ აწყობდათ იმის გამჟღავნება, რომ ზურა იმ ავბედით ღამეს მართლა სააკაშვილთან იყო შეხვედრაზე და იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა!
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჟვანია სააკაშვილთან შეხვედრის დროს გარდაიცვალა?
- დიახ, საკაშვილმა ჟვანია საკუთარი ხელით მოკლა! ამას ვამბობდი ყოველთვის და ვიტყვი ყოველთვის _ საკაშვილმა ჟვანია საკუთარი ხელით მოკლა!
- ქალბატონო ლალი, თქვენ პირობა მიეცით სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ თუ ციხიდან გამოგიშვებდნენ, იმას იტყოდით და გააკეთებდით, რასაც გთხოვდნენ?
- ჩემს ციხიდან გაშვებას სხვა პირობაც ედო საფუძვლად. დიახ, ჩემთვის მთავარი იყო, რომ თავი დამეღწია საპყრობილისათვის, რადგან იქ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ჩემი შვილები კი გარეთ დაუცველები იყვნენ და მათი უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ იდგა.
დიახ, მე მივეცი პირობა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ მათ დავალებებს შევასრულებდი და ციხიდან გამათავისუფლეს, ციხიდან ჩემს გათავისუფლებას საფუძვლად დაუდეს ყალბი სამედიცინო დასკვა, თითქოს მე ვარ უმძიმესი ავადმყოფი, იმ დასკვნაში ისეთი დიაგნოზი წერია, მე უკვე კარგა ხნის მკვდარი უნდა ვიყო. დიახ, მე თავი დავაღწიე საპყრობილეს და უკვე თავისუფლებაზე მყოფმა ვთქვი უარი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ბინძური დავალებების შესრულებაზე!
ციხიდან ჩემი გათავისუფლების პირობა იყო, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ერთ-ერთი პარტიის წევრი უნდა გავმხდარიყავი და მემუშავა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, შიგნიდან მიმეწოდებინა მათთვის ინფორმაციები. ასევე დავალება იყო, რომ აქტიური ზუგდიდელი ქალბატონებისაგან შემექმნა ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში არ შემოუშვებდა და სამეგრელოში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მისცემდა!
რა თქმა უნდა, ყველაფერი პირიქით გავაკეთე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ `ქართულ ოცნებას~ დავუდექი გვერდით და ზუგდიდში რითაც შემეძლო, ვეხმარებოდი. ამის გამო ჩემს წინააღმდეგ დაიწყო შანტაჟი და მუქარები, რომ არჩევნების შემდეგ, ისევ ციხეში დამაბრუნებდნენ, ამჯერად უკვე სამუდამოდ.
მუქარის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ დამიხევია უკან. ვგრძნობდი და მჯეროდა, რომ საქართველოში `ნაცების~ დრო დასრულდებოდა. თუმცა, იმ შემთხვევებშიც, თუ `ნაცები~ გაიმარჯვებდნენ, მზად ვიყავი ციხეში დასაბრუნებლად, რადგან მათი ბინძური დავალებების შესრულებას ყველაფერი მერჩივნა, სიკვდილიც კი.
აქვე ერთი რამე მინდა ვთქვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სააკაშვილისა და ნაიცონალების არაადამიანურობას და ეს უკავშირდება ჩემს შვილს.
- თქვენი შვილი გიზო სართანია, რომელიც დღეს ზუგდიდის გამგებლის მოადგილეა, სასტიკად სცემეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ამას გულისხმობთ?
- დიახ, გიზო დიღმის მასივიდან გაიტაცეს, მუხათგვერდში აიყვანეს, სასტიკად სცემეს და იქვე დააგდეს. უკვე მკვდარი ეგონათ და მიაძახეს, ახლა მაინც არ გაჩერდება დედაშენიო?!
როცა ჩემი შვილი მომაკვდავი იწვა საავადმყოფოში, მის მოსანახულებლად გუბერნატორი გოროზია მივიდა, რომელსაც მერე ერთ-ერთი პიროვნებისთვის უთქვამს, ლალი ანთიას შვილი საავადმყოფოში იმიტომ მოვინახულე, რომ დავრწმუნებულიყავი, მართლა მომაკვდავი იყო თუ არაო! `შვილი რომ მოკვდომოდა, მაშინაც არ გაჩერდებოდა ლალი ანთია?~ _ აი, ასეთი არაადამიანები არიან ესენი!
მე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ჩემი დაპატიმრების და, მით უფრო, ჩემი გათავისუფლების დეტალებით და ეს ბევრ რამეს ახდის ფარდას, მათ შორის, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გაუგონარ სიბინძურეებს!
ჯაბა ხუბუა
"ასავალ-დასავალი", №17-18, 29 აპრილი, 2013 წ.