პოლიტიკა
კუნაძე: „თუ საქართველოს ალიანში შესვლა უნდა, ამით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ავტომატურად არ მოხდება“

kunadzeსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას 4-5 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქში გეგმავს, სადაც დიპლომატები ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე იმსჯელებენ.

„ორმხრივ ფორმატში ჩვენ განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობა, სამეცნიერო კონტაქტები და არ ვეხებით იმ რთულ თემებს და პრობლემებს, რომლებიც განიხილება ჟენევაში, ე. წ. ჟენევის ფორმატის ფარგლებში“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ თბილისში ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის დღევანდელ სემინარზე.

სემინარს ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრება ხელს არ შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„თუ საქართველოს უნდა ალიანში შესვლა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ავტომატურად არ მოხდება. ნატო არასოდეს იყო დაინტერესებული საკუთარი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებით. მაგალითად, ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში ნატომ არც თურქეთს, არც საბერძნეთს და არც კვიპროსის რესპუბლიკას არ გაუწია დახმარება“, - აღნიშნა კუნაძემ.