პოლიტიკა
ივანიშვილი: „ქვეყანა დაზიანდება იმ შემთხვევაში, თუ მართლაც იყო ტერორიზმთან დაკავშირებული ფაქტები და ამას გამოიძიებს არა საქართველო, არამედ მესამე სახელმწიფო“

rouz-roსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "როუზ-როსის" 83-ე სემინარზე, რომელიც გუშინ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით გაიმართა, პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის კითხვის პასუხად - რამდენად წაადგება ტერორისტების მომზადების შესახებ პრემიერის განცხადებები საქართველოს - განმარტა, რომ  მას არცერთ განცხადებაში არ გაუკეთებია აქცენტი, თითქოს წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა და ამის თაობაზე მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი  გამოთქვა. პრემიერის აზრით, ქვეყნისთვის საზიანო მხოლოდ ის იქნება, თუ ასეთ საკითხებს სხვა ქვეყნები გამოიძიებენ და არა - საქართველო.

"თქვენი დარწმუნება რთულია, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ამ საკითხით დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას არ დააზიანებს. ქვეყანას დააზიანებს და დააზიანებდა, თუ ამას გამოიკვლევს მესამე სახელმწიფო და დაუმტკიცებს მთელ მსოფლიოს. აი ეს კი ნამდვილად ძალიან საზიანო და სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. მაგრამ თუ ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ და შევძლებთ, ეს დაამტკიცებს იმას, რომ რადგან ჩვენ, ახალი ხელისუფლება, ამას ვიძიებთ, ესე იგი, ჩვენ ამას არ ვღებულობთ, ვაკრიტიკებთ და ჩვენთვის ეს მიუღებელია. ეს, პირიქით, ძალიან კარგად იმუშავებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და მომავალზე", - განაცხადა ივანიშვილმა.