პოლიტიკა
სააკაშვილი: „ეს გადაწყვეტილება თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან!“

1-teq-univerსაქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი.  პრეზიდენტი სააკაშვილი მოუწოდებს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, გადახედოს გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ქალაქის მერიის განთავსების შესახებ და ამ გადაწყვეტილებას დამანგრეველსა და არაცივილიზებულს უწოდებს.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით კი, ბათუმის მერიის მხრიდან შესულია განაცხადი ამ შენობის გადაცემის თაობაზე, მაგრამ ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მთავრობის წევრები არ მალავენ, რომ ეს შენობა უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი არ არის.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ეს იყო სააკაშვილის სურვილი, რომელმაც, ისევე, როგორც მისმა მრავალმა ოცნებამ, დაკარგა თავისი ფორმა, იმიტომ რომ არც იყო რეალობასთან კავშირში. კომპეტენტურმა ადამიანებმა, ქართველებმაც და უცხოელებმაც, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს ოდიოზური გადაწყვეტილება იყო... სააკაშვილივით არქიტექტურაში ალბათ არ არიან ჩახედულები, მაგრამ უფრო მეტად ესმით უნივერსიტეტი და კამპუსის კონცეფცია“.

საპარლამენტო უმცირესობას კი მიაჩნია, რომ განათლების ახალი კერის გაჩენა ახალ მთავრობას იმიტომ არ სურს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

უცნობია, გადახედავს თუ არა პრემიერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, შენობის ბედზე  კი ეკონომიკის სამინისტრო მომავალ კვირაში იმსჯელებს.

„ცოდნის მიტოვებულ ტაძარს რევანშისტები ეპატრონებიან“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე  სააკაშვილის მიმართვა პრემიერისადმი, სადაც აღნიშნულია: „ამ დღეებში საქართველოს ახალი მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე - აღარ განათავსონ ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ შეასახლონ ბათუმის მერია...სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ღვარძლით და წინა წლების აღმშენებლობაზე რევანშის აღების წყურვილით. .. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან.