რელიგია
პატრიარქი ილია მეორე: “ისე დაუპირისპირდნენ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს, რომ საქართველო დაავიწყდათ...“

1-patriarx-rel1საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისდეპუტატები დალოცა.

აღსანიშნავია, რომ „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა 2013 წლის 2 მაისს  ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს. 2013 წლის მოწვევის 100 ახალგაზრდა დეპუტატი მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსის საფუძველზე,მაღალი კონკურენციის პირობებში შეირჩა.

შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, კერძოდ, აღნიშნა: “ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი, იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა! მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავს ამ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ხშირი შემთხვევაა, რომ ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მაცხოვარი ჩვენი ამბობს: "იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს". ეს არის მითითება იმაზე, რომ სრულყოფა დაუსრულებელია, ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ისეთი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ სრულყოფა დაუსრულებელია ორთავ სოფელსა შინა. მე გისურვებთ, რომ გქონდეთ თქვენ მტკიცე სარწმუნოება, მართლმადიდებელი!“.