პუბლიკაციები
ჰამლეტ ჭიპაშვილი: “როდემდე უნდა გვეშინოდეს რუსეთთან ორმხრივი დიალოგის?”

1-analitika-chipaSსაქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. გთავაზობთ ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებულ სამ პუბლიკაციას, რომლებიც ერთ ავტორს - ბატონ ჰამლეტ ჭიპაშვილს ეკითვნის.

„2013 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის საგარეო კონცეფციას. წინა - 2008 წელს იყო მიღებული. რუსი ექსპერტების მიხედვით, ეს კონცეფცია არის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფცია, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა განვითარებისკენ, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, საბაზრო ეკონომიკისკენ. კონცეფციამ ხელი უნდა შეუწყოს სასარგებლო საგარეო პირობების ჩამოყალიბებას ქვეყნის შიდა განვითარების უზრუნველყოფისთვის.

კონცეფციის მიზანია, მსოფლიოში რუსეთისთვის, როგორც თანამედროვე გავლენიანი ცენტრისთვის მყარი პოზიციების მოპოვება - არა დომინირებით, სხვისთვის საკუთარი სურვილების თავსმოხვევით, არამედ საკუთარი მომხიბლველობით, თანამშრომლობით, თანაფარდობის პრინციპზე დაფუძნებით, სხვის საქმეში ჩაურევლობით. კონცეფციაში არც ერთი სახელმწიფო არ არის განხილული მტრობის და არაკეთილი სურვილების პრიზმიდან. არც ერთი სახელმწიფო არ არის მოხსენებული რუსეთის მტრად.

კონცეფცია გარკვეულ იმედს ბადებს - საქართველოს პრობლემების გადაჭრისათვის, ამასთანავე გვახსენებს, რომ პრობლემები სიღრმისეულია და მას სხვაგვარი მიდგომა ესაჭიროება. სხვაგვარ მიდგომაში, უპირველესად, სხვაგვარი აზროვნება იგულისხმება და რაც მთავარია სხვაგვარი რიტორიკა, თავშეკავება, რეალური განსჯა.

დღემდე არსებულმა პოლიტიკამ - საქართველოს მხრიდან წარმოებულმა, კრახი განიცადა, ქვეყანა გაუსაძლის პირობებში ჩააყენა. იქნებ გვეცადა სხვა? იქნებ სხვა გზა აგვერჩია? იქნებ რეალურად შეგვეფასებინა განვლილი 23 წელი - დასავლური ცრუ დაპირებებით აღსავსე და პრაგმატული პოზიცია აგვერჩია?

კონცეფციაში მოხსენებულ ქვეყნებს შორის საქართველოცაა - მასთან თანამშრომლობის სურვილით იმ სფეროებში, რომლებში საქართვველო არის მზად და იმის გათვალისწინებით, რა რეალობაცაა დღევანდელ კავკასიაში. ამ ჩანაწერის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ურყევია.

ურყევია საქართველოს პოზიციაც - საქართველოს პარლამენტის ანალოგიურ დოკუმენტში დაფიქსირებული. უფრო მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს არავითარი პოლიტიკური ურთიერთობა არ ექნება რუსეთთან, ვიდრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოები და სამხედროები იქნებიან. საქართველოს პოზიცია ერთობ ხისტია და წინასწარ განწირული მარცხისთვის. მარცხი კი არსებულ ვითარებასთან შეგუებაა. არ დალაპარაკება, ზემოთმოყვანილი პირობების დაკმაყოფილებამდე, უფრო შეგუებაა, ვიდრე საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრა.

პარლამენტის, ქართული პოლიტიკის შემყურეს, უმალ დაებადება აზრი, რომ ქართულ მხარეს მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, რომ მან არ იცის, როგორ ილაპარაკოს, რომ მას ეშინია რუსეთთან ლაპარაკის, ამიტომაც გამუდმებით ახსენებს ჟენევის ფორმატს, სადაც ქართველი და რუსი სხვისი (მესამე მხარის) თანდასწრებით ლაპარაკობს.

როგორც ჩანს, ქართულ მხარეს ნაკლები არგუმენტები აქვს რუსეთისთვის მომზადებული (ან აქვს კი?) საქართველოს ხელისუფლებას, როგორც წინას, ისე დღევანდელს, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - სხვამ, ამ შემთხვევაში დასავლეთმა, მოუგვაროს საქმე, მაგრამ ეს, რომ ასე არ ხდება.

კონცეფციის მიხედვით, რუსეთი ისეთი სახელმწიფო უნდა გახდეს, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებს „სოფტ პაუერის“ (რბილი ძალით) მოაგვარებს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უნიკალური სარესურსო პოტენციალი გააჩნია. რუსეთი, მსოფლიო საგანძურია, უშუალო სიახლოვეს ისეთ მზარდ ეკონომიკებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, უდიდეს ბაზრებთან, იმათთან, ვისაც წყალივით სჭირდებათ წიაღისეული სიმდიდრეები.

რუსეთი მდიდარია ნავთობით, ოქროთი, გაზით, ხე-ტყით, წყლით, ინტელექტუალური პოტენციალით. ცნობისთვის - ორას ათასზე მეტი რუსი მეცნიერი ამდიდრებს ამერიკულ მეცნიერებას. რუსეთთან კონსტრუქციული ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს ყველა, მათ შორის ისეთებიც, ვინც დღეს არ კარგავენ რუსეთის სალანძღად.

ჩვენ რაღა დაგვემართა? მეზობელს არაფრად ვაგდებთ და ცხრა მთასა და ზღვის იქით ვცდილობთ ახლობლის მოძებნას. არადა ახალი „ახლობელი“ თავისი აზროვნებით, რომ შორსაა ჩვენი აზროვნებიდან, გაგონება არ გვინდა. არც იმის გაგონება გვინდა, იქაური პრაგმატიზმი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის შეუფერებელია.

იქ არსებული აზროვნების ქართულ ტვინებზე მორგებას თაობები დასჭირდება. საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე ქართველს - დაკარგული ეროვნულობით, თვითმყოფადობით, გადაგვარებული აზროვნებით. ბევრი ასეთი „ქართველია“ ამერიკაში, თურქეთში, სხვაგან.

რუსეთში მცხოვრებ ქართველს სხვა იერსახე აქვს, რაშიც მეორე სამშობლოს ანუ რუსეთის წვლილიც არის. „გრუზინი“ მაინც გამორჩეულია. მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულებაა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამტკიცებული, ნათესაური კავშირებით გამაგრებული, რელიგიური ერთობით გაღრმავებული. „გრუზინი“, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა, დღესაც ისე აღიქმება, როგორც გუშინ - თავისებური, ვაჟკაცური, გამორჩეული.

მიუხედავად ოცწლიანი გაუცხოებისა, ორი ქვეყნის პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით საქართველოს, მცდელობისა, ვერ მოხერხდა ქართველისა და რუსის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება, ვერ მოხერხდა ორ ერს შორის საყოველთაო სიძულვილის გაღვივება. ნაციონალური ხელისუფლების მცდელობამ ვერ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც ნაცები ელოდნენ და არა მარტო ისინი, არამედ მათი ოკეანისგადაღმელი პარტნიორები.

საქართველოს მოსახლეობას შემორჩა რუსეთის ნოსტალგია. არსად სხვაგან „გრუზინზე“ ისეთი ნოსტალგია არ არის, როგორც რუსეთში. არსად სხვაგან არ იხსენებენ ქართულ ღვინოს და „ბორჯომს“, როგორც რუსეთში. და ეს გახსენება არ არის გამოწვეული ღვინის ან მინერალური წყლის მონატრებით, ის ქართველის, საქართველოს მონატრებითაა გამოწვეული - ქართული ხელოვნების, ქართული მწერლობის, თუნდაც ქართველი სტალინის და ბერიას (ცნობისთვის, ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პოპულარობამ 47%-ს გადააჭარბა).

ღვინისა და „ბორჯომის“ ნოსტალგია კომპლექსშია საქართველოს ნოსტალგიასთან, თორემ საუკეთესო უცხოური პროდუქტით გაჯერებულ რუსულ ბაზარს, ფრანგულ-იტალიურ-ესპანურ ღვინოებითა და ფრანგული „ევიენითა“ და „პერიეთ“ აღსავსეს, რად უნდა ახსენდებოდეს ქართული პროდუქცია?

ღვინო, პროდუქტია ვაზისა. ვაზი, ნახარები მიწისა, ქართული მიწისა. მინერალური წყალი - ქართული წიაღიდან ამოხეთქილი, იმ წიაღიდან, საქართველო რომ ჰქვია. ქართული მიწა უქართველოდ, ტრადიციების გარეშე, ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე, ყავარზე კუდგადებული, მეტიჩარა ქართველით, წარმოუდგენელია.

ქართული ღვინო წარმოუდგენელია დაკოჟრილი ქართველი გლეხის ხელში მოქცეული თიხის ფიალის გარეშე, მამა-პაპური სადღეგრძელოების, ქართული სუფრის დოვლათის, „მრავალჟამიერო“-ს, „ჩაკრულო“-ს, „კრიმანჭული“-ს გარეშე. ეს იცის რუსმა. იცის და პატივს სცემს. იცის და ტანში საამო ჟრუანტელი უვლის გახსენებისას, ისე, როგორც კრემლის ყრილობათა სასახლეში, „ერისიონის“ მიერ ჩატარებული კონცერტების დროს.

არც ერთ მეზობელს ისეთი განცდა არ აქვს საქართველოსა და ქართველისადმი, როგორც რუსეთს და რუსს. არც ერთ ჩვენს ახალ „მეგობარს“, სტრატეგიულ პარტნიორს არ აქვს ქართველისადმი რუსის მსგავსი განცდა, მითუმეტეს ნოსტალგია. არც ერთი ამერიკელი ან ევროპული „ფასეულობებით“ (მაინც რას ნიშნავს ეს ამოჩემებული „ფასეულობა“?) დახუნძლული ევროპელი თავში არ გაივლებს „სულიკოს“ ან „თბილისოს“ სიმღერას, ვინაიდან მათ არაფერი აკავშირებთ არც სიმღერასთან და არც ხალხთან. რაც მათ აკავშირებთ, „ახალი“ ქართველებისთვის გაცემული გრანტები და დახმარებებია - ნაწილის უკან დაბრუნებით.

კლასის დამრიგებლისა და გონებაჩლუნგი მოსწავლის ურთიერთობას ჩამოჰგავს მათი ქართველთან ურთიერთობა - ჭარბი მენტორული ტონით, დამცინავი ღიმილით. მსგავსი ურთიერთობა არ იძლევა აღსაზრდელის კულტურის გამოვლენის და მისი ჯეროვნად შეფასების შანსს.

გსმენიათ ამერიკელის ან ევროპელის მიერ ნამღერი „სულიკო“? რუსის - მსმენია. გსმენიათ ამერიკაში „ჯორჯენის“ შესახებ, ისე, როგორც რუსეთში „გრუზინის“? ცხადია, კარგი გაგებით. მავანი შემედავება, გვაცადეთ ბატონო, ჯერ ოცი წელი გავიდა. ერთი იმდენიც გავა და ამერიკელიც იმღერებს „სულიკოსო“. ამერიკელის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველი რომ საკუთარ სიმღერას დაივიწყებს და ამერიკულად ამღერდება, ეჭვი არ მეპარება.

ამერიკელი არასდროს იმღერებს „სულიკოს“, ვინაიდან მას ქართველთან ერთად არ გაუვლია საუკუნეთა ქარტეხილები, არ უბრძოლია ფაშიზმის წინააღმდეგ, არ უშენებია დანგრეული სამშობლო, არ განუცდია შიმშილი, სიცივე, სიდუხჭირე.

მე არ შევხვედრივარ ამერიკელს, რომელსაც მექსიკური „კუკარაჩა“ ემღეროს, არადა მეზობელი მექსიკა, თავისი მოსახლეობით, ათასჯერ და მეტად აღემატება საქართველოს. ამერიკელი არასდროს გაუყადრებს თავს მექსიკელს, მითუმეტეს ქართველს ან სხვა პოსტსაბჭოელს. ის ყოველთვის დარჩება ჩვენთვის და ჩვენისთანებისთვის მიუწვდომელ მწვერვალად.

დასავლეთს აქვს ინტერესი საქართველოსადმი, როგორც ტერიტორიისადმი, სატრანზიტო დერეფნისადმი, ირან-რუსეთზე ჯაშუშური დაკვირვებისა და კონფლიქტის შემთხვევაში პლაცდარმად გამოყენებისადმი. ქართველებისადმი ინტერესიც აქვს, როგორც ტექნიკური პერსონალისადმი - მძღოლის, მიმტანის, მეძავის, ფეხის გულების დამფხანისადმი. ეს ინტერესიც მარტივი მიზეზით არის განპირობებული - დასავლეთიდან ტექნიკური პერსონალის ჩამოყვანა ძვირი ჯდება. რა სჯობს, ადგილობრივ მუქთასა და იორღას.

სამყარო ისეა აწყობილი, მუდამ იქნება დიდსა და პატარა ქვეყნებს შორის დაპირისპირება, და არა მარტო დიდსა და პატარას, არამედ პატარასა და პატარას, დიდსა და დიდს შორის. დიდის მიერ, მეორე დიდის წინააღმდეგ პატარის გამოყენებას. საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის პატარების პრიალა საჩუქრებით მოხიბლვას.

ჭრელა-ჭრულა საჩუქრებით მოქრთამულმა საქართველომ თავი ისე დაკარგა, რომ ზომა-წონაც დაივიწყა და საუკუნეობრივ მეგობრობას უმალ ხაზი გადაუსვა. დიდი ურჩხულის იმედი ჰქონდა მას, ამიტომაც გაჰყვიროდა ვაჟკაცურად, ამიტომაც ეკვეთა მტერს პირველი - იმის მოიმედე, რომ ურჩხული მას მოჰყვებოდა, მაგრამ გადამთიელი მიხვდა, რომ მეორე ურჩხულთან შებმას, სიცოცხლის დასრულება მოჰყვებოდა. ამიტომ შედგა ურჩხული, მეორის მყისიერი პასუხით გაოგნებული. რაც მართალია, არ მოელოდა ამას. შედგა და . . . წაქეზებული პატარა ყვინჩილა, მეორე ურჩხულის ხელში გამომწყვდეული აღმოჩნდა.

ეს ამბავი „ქატო იქა, ფქვილი აქა“-ს ზღაპარივით დასრულდებოდა, რომ არა გადამთიელის მიერ მომზადებული მედიური ომის გეგმა. დამარცხებულ ყვინჩილას თავზე ხელიც გადაუსვა, ფულიც აჩუქა, ვაჟკაცობაც შეუქო, სასმელი წყლითა და ტუალეტის ქაღალდითაც მოამარაგა, „აქაოდა შიშმა კუჭის აშლა იცისო“. და რაც მთავარია, ისეთი PR-კამპანია გაახურა, რუსულ დათვისა და უმანკო ქართული კრავის შესახებ, რომ ავ თვალს არ ენახებოდა.

„კბილებამდე შეიარაღებულმა რუსეთმა დაარღვია მსოფლიოში არსებული ყველა კანონი, გადალახა რა მეზობელი პატარა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა სურსო“. ერთ ხმაში გაჰყვიროდნენ საქართველო და მისი დასავლელი მამობილები ამ ამბავს.

რუსეთის აგრესიის გამათრახებისა და საბოლოო გაშავების მიზნით ევროკავშირმა სასწრაფოდ შექმნა 2008 წლის ცხინვალის ომის საგამოძიებო კომისია ქალბატონ ტალიავინის მეთაურობით. მიზანი ერთი იყო - რუსულ გაზზე ჩამოკიდებული ევროპის რევანში, რუსეთის წელში გატეხვა, საბოლოო ჯამში ფასების დაკლება.

2008 წლის მოვლენების პირველსავე დღეებში ბრიუსელმა მოსკოვთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. უარი თქვა დაგეგმილ კონსულტაციაზე და ეს ყველაფერი წინასწარ, საკუთარი კომისიის გამოძიების დამთავრებამდე. ეს ნაბიჯი თავისებური მინიშნება იყო კომისიისთვის, რა გზით ევლო.

დიდი თავის მტრევა დასჭირდა კომისიას მოსკოვის დასადანაშაულებლად, მაგრამ ფაქტს გვერდი ვერ აუარა. ფაქტი კი ასეთი იყო - პირველი საქართველომ გაისროლა, არა ფილთა თოფი, არამედ „გრადი“ მძინარე ცხინვალზე. „გრადს“ სატანკო შეტევა მოჰყვა და ცხინვალის აღება. ის-ის იყო სააკაშვილი, თბილისიდან წაღებულ ტრიბუნაზე, გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვისთვის უნდა ასულიყო, რომ რუსეთის მხრიდან დაგვიანებული კონტრშეტევა განხორციელდა. რუსული საზოგადოება დაგვიანებაში მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს დებს ბრალს.

ტალიავინის დასკვნის დანარჩენი ნაწილი ისეა ჩამოყალიბებული, რომ მტყუან-მართლის გარჩევა ჭირს. თითქოს ომამდე არსებულმა რუსულმა პროვოკაციებმა აიძულეს საქართველო გადაედგა ასეთი ნაბიჯი.

2008 წლის ცხინვალის ომის რეანიმაციამ გაახელა გუშინდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი. არ ცხრება მათი მხრიდან ხელისუფლების გაკილვა, თან იმის ხსენებაც, რომ იმჟამინდელის გახსენება, თანაც ხელისუფლების ინტერპრეტაციით დააზიანებს საქართველოს სახელს, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ყოველივე სასიკეთოს, რაც დასავლეთიდან მოდის და ა.შ.

გუშინდელთა ყბადაღებულმა, ანტისახელისუფლებო ყაყანმა იმოქმედა ხელისუფლებაზე, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ რიგი საკითხების დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს და არა საქართველოს საზიანოდ, რომ რუსეთის აგრესიას ვერაფერი გაამართლებს და მასთან ერთად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

არავინ სვამს კითხვას - რატომ მოხდა აგრესია, რატომ გადმოლახა რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი, რატომ აღიარა საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა რუსეთმა. უპირველესად, ეს კითხვები უნდა დაისვას და არა ის, რაც დღეს ისმება. რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია დსთ-ს სივრციდან მხოლოდ საქართველოში? ამ კითხვებს არც საქართველოში და არც დასავლეთში სვამენ - არ აწყობთ და იმიტომ.

ომის დამთავრებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ტენდენციური დასავლური მედია ზედმიწევნით წარმატებით უხვრიტავდა თავს მსოფლიოს, ბნელი და აგრესორი რუსეთის მიერ საქართველოს „გაუპატიურებაზე“, მაგრამ შემდეგ სიმართლე ვეღარ დაიმალა. არაერთი მეცნიერის, პუბლიცისტის, მწერლის, პოლიტოლოგის ნაშრომი, წიგნი, სტატია მიეძღვნა ამ თემას. მათ შორის აღსანიშნავია ებრაელი პუბლიცისტის ლევ გუნინის ნაშრომი - ფაქტებზე დაფუძნებული, 2008 წლის ომამდე, ომისდროინდელი და ომის შემდგომი პერიოდის ფოტოგრაფიული სიზუსტით აღბეჭდილი.

„ორი წლის მანძილზე საქართველო ინტენსიურად აგროვებდა იარაღს, ტანკებს, ვერტმფრენებს უკრაინიდან და დასავლეთიდან. ამერიკელი და ებრაელი მრჩევლები წვრთნიდნენ ქართულ ჯარს. რუსეთი აფრთხილებდა საქართველოს და აშშ-ს, თავი დაენებებინათ სამხრეთ ოსეთის ავანტიურისთვის. ისრაელი და აშშ-ი ღრმად ჩაერთნენ კონფლიქტში და სრულიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ბრუტალურ დიქტატურას“, - წერს გუნინი ნაშრომში: „კავკასია, როგორც ისრაელის ტერიტორიის ნაწილი“.

თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ბარამიძემ ბრძანა - ბოლოს და ბოლოს სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია იყო და იქ შესვლა სულაც არ ნიშნავდა აგრესიასო. მთავრობა, რომელიც თავისი ქვეყნის ტერიტორიის დასამორჩილებლად მძიმე სამხედრო ტექნიკას იყენებს და ომს აჩაღებს - საერთაშორისო სამართლის მიხედვით უმკაცრესად ისჯება.

გარდა ამისა, არსებობდა ხელშეკრულება და მისი მიხედვით, სამხრეთ ოსეთის სიმშვიდე გარანტირებული უნდა ყოფილიყო, როგორც ქართველი, ისე რუსი მშვიდობის მყოფელებით. რეგიონის უსაფრთხოების საქმეში ეუთოც იყო ჩართული. სააკაშვილმა ყოველივე ამას ხაზი გადაუსვა და „გრადის“ წვიმა დააყარა ცხინვალს.

მაგრამ ვითომ მარტო სააკაშვილმა გადადგა აგრესული ნაბიჯი? ცხადია არა! ამ საქმეში უდიდესი წვლილი დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს მიუძღვის. ნაცები და სხვებიც მტკიცედ ამბობენ - გამოიძიეთ! თუ ვინმე დაზარალდა - საქართველოაო. მათი განცხადებით, ისე გამოდის - სიმართლის დადგენის შემთხვევაში (არადა ეს სიმართლე კარგა ხანია დადგენილია) დასავლეთი საქართველოსკენ აღარ გამოიხედავს.

ცდებით, ბატონებო, დასავლეთმა ისედაც კარგად იცის, ვინ არის დამნაშავე და მიუხედავად ამისა, აქეთკენაც იყურება და ფულსაც იძლევა, რაც საკუთარი დანაშაულის თუ „შეცდომის“ კომპენსაციაა.

გამოძიებით რუსეთს მოეხსნება აგრესორის დამღაო - აცხადებენ ნაცები. აგრესორის დამღას რუსეთს არავინ მოუხსნის, ვინაიდან ასეთი რუსეთი ხელს აძლევს დასავლეთს. და კიდევ ერთი რამ,  არანაკლებ მნიშვნელოვანი - დანაშაულის არ აღიარება და სხვაზე აკიდება, როგორ ჯდება ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სულისკვეთებაში? რამდენი წელი უნდა ატაროს ქართველობამ ესოდენ მძიმე ტყუილის ტვირთი? განა უმჯობესი არ არის დანაშაულის აღიარება, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა, შენდობის თხოვნა?

ჰამლეტ ჭიპაშვილი 

 

19 აპრილის გამოძახილი 

როდესაც ხმამაღლა ვაცხადებთ ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, ბევრი რამ უნდა გაგვახსენდეს, უპირველესად, ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ვერავინ, ვერავის ხელს ვერ შეუშლის რომელიმე გეოპოლიტიკური სივრცისკენ სვლას.

გეოპოლიტიკური სივრცისკენ სწრაფვა ნაციონალური ხელისუფლების მიერ იყო აკრძალული, მხედველობაში მაქვს რუსეთი და დსთ. ამდენად 19 აპრილის მიტინგი ღია კარის მტრევა იყო და მეტი არაფერი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა მოუწოდებდეს საზოგადოებას ევროპული „ღირებულებებისაკენ“ (მაინც რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები?) სერიოზული დაფიქრების საგანია.

ჩემის აზრით, ნაციონალური პარტიის მხრიდან ორიენტაციის მინიშნება, მითუმეტეს ევროპულის, მკრეხელობაა. მკრეხელობაა ისიც, როდესაც ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილს, ევროპული ფასეულებების მატარებლად, სააკაშვილი და მისი ნაცები მიაჩნიათ.

იმას, რასაც საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი თუ ევროპიზაცია ჰქვია, საქართველოს მოსახლეობას სრული უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს ევროპულ „ღირებულებებში“. თუ პოლიტიკოსების, მომიტინგეების ცემა-ტყეპას და ხოცვას, უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩაყრას ევროპული „ღირებულებები“ ჰქვია, მაშინ საქართველოს მოსახლეობას აქვს დაფიქრების უფლება - სურს თუ არა ასეთი ევროპა.

თუ ქვეყნის ძარცვას, ნაძარცვი ფულით ნაციონალთა დროსტარებას, ავხორცობას, საზღვარგარეთ გამუდმებულ ხეტიალს, ფეშენებელურ სასტუმროებში დროსტარებას, სასახლეების, ვილების შენებას, ძვირადღირებული ავტომანქანების, სამკაულების შეძენას - ევროპული გზა ჰქვია, საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობას აქვს უფლება დაფიქრდეს - სურს თუ არა მას ასეთი ევროპა.

ევროპის გზა არ უნდა ნიშნავდეს მეზობლებთან ურთიერთობის გაუარესებას, გაწყვეტას, ომის ატეხვას და შემდეგ მეზობლის დადანაშაულებას - ომი მან ატეხაო. როდესაც დამნაშავე ნაცური ხელისუფლება სრულიად უტუხად სხვას ადებს ხელს ომის გაჩაღებაში და ამ საქმეში მას მხარს უჭერს ევროატლანტიკური სივრცე, ქართველ ხალხს აქვს უფლება დაფიქრდეს - უნდა თუ არა მას ასეთი ხელისუფლება ან მისი მხარდამჭერი ევროპა.

ხელისუფლებამ, რომელმაც დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, დარჩენილი კი ინდოელებზე, პაკისტანელებზე, არაბებზე, ებრაელებზე გაყიდა; ხელისუფლებამ, რომელმაც გააღატაკა ხალხი და იძულებული გახადა ქვეყნიდან გადახვეწილიყო; ხელისუფლებამ, რომელმაც შეურაცხყო ქართული კულტურა, ხუროთმოძღვრება, ტრადიციები და მხოლოდ საკუთარ თავს, ნათესავებს და ახლობლებს მიხედა, სამართლიანად დაიმსახურა ხალხის რისხვა.

ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ნახევრის-ნახევარი, ევროპაში რომ ვინმეს ჩაედინა, მარადიული ციხე არ ასცდებოდა. მაგრამ იგივე ევროპელები, ნაცთა მხრიდან ხელის „გამართვით“ მოხიბლულები, თავზე ხელს უსვამენ ნაციონალებს, რაც აფიქრებინებს ხალხს, რომ ე.წ. ევროპული გზა უფრო ეკლიანია, ვიდრე ვარდიანი.

გზას ევროპისკენ რუსეთი არ უშლის ხელს. ევროპისკენ გზა არ უნდა ნიშნავდეს სამხედრო ბლოკ ნატოში შესვლას. სამხედრო ბლოკი კი ისაა, რაც რუსეთის საზღვრებთან ნეგატიურად აღიქმება.

ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ყოფნა სახიფათოა. მათ აზრს იზიარებენ, მათ აზრს პატივს სცემენ, მათი აზრის გარეშე იქ არ შეგვესვლება. და რახან ეს ასეა, რატომ ვიღლით თავს აბსტრაქტული ლაპარაკით, მიტინგზე ხმის ჩახლეჩამდე ბღავილით? უმჯობესი იქნებოდა დაქცეული ქვეყნისთვის მიგვეხედა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა

სულ ახლახანს, ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-მ, მოკლე სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოს, უფრო სწორად ირანელთა მიერ საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბინების შეძენას და ბიზნესის გახსნის საკითხს. ცხადია, ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ამ სიუჟეტში სული და გული ჩააქსოვა ანუ ანტიირანული კამპანია - ირანის ხელისუფლების სისასტიკეს გამოექცნენ ეს ირანელები და საცხოვრებლად საქართველო აირჩიესო.

მაგრამ ასე თუ ისე გარკვეული ინტერესი ირანის ბიზნესის მხრიდან საქართველოს მისამართით შეინიშნება, რაც ცუდი არ უნდა იყოს ქვეყნისთვის.

ცხრა მთასა და ზღვას იქით ეკონომიკური პარტნიორების ძებნა ცუდი არ არის, მაგრამ ის, ვინც ეკონომიკური კავშირების დამყარებას ცდილობს, განსაკუთრებით ვაჭრობის, უმალ ტრანსპორტის თემასაც შეეხება, შორი მანძილიდან გადაზიდვის სიძვირესაც და ა.შ. ამის შემხედვარე, უნებლიედ, გაგიჩნდება აზრი - რეგიონული ვაჭრობის ჯეროვნად განვითარებისა. ამ თვალსაზრისით ვგონებ ბოლომდე არც ერთი ქვეყნის ბაზრის შესაძლებლობა, მათ შორის რუსეთის, შესწავლილი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ირანზე.

ირანის ეკონომიკური წარმატებები თვალშისაცემია. ქვეყანას აქვს განვითარებული მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, მეცნიერება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები. ირანი ის ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ამდიდრებს ურანს და იყენებს მას მედიცინაში. ირანი ის ქვეყანაა, სადაც ათასობით ადამიანი ჩადის არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იაფი და კვალიფიციური მკურნალობის მისაღებად.

ირანის წარმატებების ამსახველი იყო თბილისის სპორტის სასახლეში 4 დღის განმავლობაში მოწყობილი გამოფენა დევიზით - თავისუფალ-ეკონომიკურ ზონებში დამზადებული პროდუქცია. ირანს არაერთხელ გამოუფენია თავისი პროდუქცია თბილისში და ბათუმში, მაგრამ ბოლო გამოფენა იმით იყო საინტერესო, რომ წარმოდგენილი საქონელი თავისუფალ ზონებშია დამზადებული. თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონების რაოდენობა კი ორ ათეულს აჭარბებს.

თბილისურმა გამოფენამ თვალნათელი წარმოდგენა შექმნა, რა არის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა და რის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონის საქართველოში შემოღების იდეას დასაბამიდანვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ეს იდეა არა მარტო დაწიხლეს, არამედ ჩაქოლეს, როგორც მაშინდელმა „მოქალაქეთა კავშირის“ „პოლიტიკოსებმა“, ისე საქმეში ჩაუხედავმა ექსპერტებმა და ეკონომისტებმა.

წინააღმდეგობის ძირითადი საბაბი არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკური ზონა იყო, არამედ ამ იდეის სულის ჩამდგმელი, აჭარის მეთაური, ასლან აბაშიძე, რომელიც, 1995 წლიდან მოყოლებული, გამუდმებით აწუხებდა ცენტრალურ ხელისუფლებას, ყურადღება მიექცია ამ თემისთვის, თუმცა ამაოდ. არადა, თავისუფალმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ზონებმა დააყენა ფეხზე ჩინეთი, ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა, სხვა ქვეყნები, მათ შორის ირანი.

ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონები ერთ-ერთი სანიმუშო იქნებოდა მთელს მსოფლიოში, რომ არა ვაშინგტონის ანტაგონისტური პოლიტიკა ამ ქვეყნის მიმართ. აშშ-ს ინიციატივით ამოქმედებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ნეგატიურად იმოქმედა ირანზე და რომ არა ვაშინგტონის მტრული პოლიტიკა, სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძული კიში, რომელიც სულ რაღაც 200 კილომეტრით არის დაშორებული დუბაიდან, არაფრით ჩამოუვარდებოდა მას.

სავაჭრო-ეკონომიკური ზონების შესწავლის მიზნით  ასლან აბაშიძემ 2003 წელს სპეციალურად მიგვავლინა ირანში, სადაც ირანის ხელისუფლების დახმარებითა და ხელშეწყობით, გავეცანით კასპიის ზღვის თავისუფალ-ეკონომიკურ ზონა ანზელის და სპარსეთის ყურეში მდებარე თავისუფალ-ეკონომიკურ ზონა კუნძულ კიშს, სხვა ეკონომიკურ ზონებს. შთაბეჭდილება დიდი იყო.

ირანში გამგზავრებამდე კი ბატონ ასლან აბაშიძესთან ერთად გავეცანით ჩინეთის გუანდუნის პროვინციას, რომელიც ცნობილია თავისუფალი-ეკონომიკური ზონებით. შემდეგ ჩინელი სპეციალისტებიც მოვიწვიეთ ბათუმში, რომლებთანაც ერთად შევიმუშავეთ საქართველოს თავისუფალი-ეკონომიკური ზონების კანონპროექტიც, რომელიც პარლამენტის სხდომაზეც გავიტანეთ. მაგრამ, ტრადიციულად, ცენტრმა, ავტონომიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩააგდო და იდეაც ჩაკლა.

ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ. საქართველოს „ეკონომიკა“-ს წინსვლის არაფერი ეტყობა, არადა იყო გარკვეული შანსი მისი გამოცოცხლებისა. შევარდნაძის ხელისუფლების ვიწრო პოლიტიკურმა მოსაზრებამ, გაანადგურა თავისუფალი-ეკონომიკური ზონის იდეა და ბევრი სხვა რამ. საქართველო კი დგას.

უყურებ ირანის გამოფენაზე გამოტანილ ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელებს, სხვა ნივთებს - თავისუფალ-ეკონომიკურ ზონაში ცნობილი ფირმების მიერ დამზადებულს, ისეთივე მოხდენილს, როგორც მილანში, რომში თუ პარიზის მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილს და ფიქრობ, აქაც ხომ შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება. ცხადია

შეიძლებოდა, თუმცა, მაპატიეთ - არა! ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური აზროვნების დეფიციტია - იქ არაფერი მსგავსი არ გაკეთდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი