სამართალი
ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება შეწყდა

1-lukaaსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის აკადემიის პრორექტორის და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების შეწყვეტის დადგენილება ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიიღო, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

როგორც ცნობილია, კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილს 2013 წლის 30 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყაზარაშვილის განცხადებით, კურტანიძე მას ფიზიკურად იმიტომ გაუსწორდა, რომ მწვრთნელების გათავისუფლებაზე ხელი არ მოაწერა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, თუმცა 5 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თემურ ყაზარაშვილსა და ლუკა კურტანიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება პირადი კონფლიქტია და სამართალდამცავებს ასეთი ტიპის კონფლიქტების გასარკვევად დრო არ აქვთ.

„თქვენ როგორ გგონიათ, თემურ ყაზარაშვილს ფიზიკურად რომ გავსწორებოდი, როგორ მდგომარეობაში იქნებოდა? ამდენს ვერ ილაპარაკებდა. მაგას თვალზე აქვს პრობლემა და შეიძლება სიბნელეში რაღაცას მიეჯახა და რაღაც დაბეჟილობა აქვს“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ ინციდენტის კომენტირებისას.