საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ქართველმა სამშვიდობოებმა სამოქმედო არეალი ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და ადგილობრივ ძალებს გადააბარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა სამხედრო მისია მუსა-ქალას ხეობის ნაწილში ოფიციალურად დაასრულა. ქართული კონტინგენტი ISAF-ის მისიას დისლოკაციის სხვა ადგილზე გააგრძელებს.
გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელიც ბაზა „შუკვანზე“ გაიმართა, სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობამ და „ქართულმა სამეკავშირეო ჯგუფმა“ მე-12 ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასეს. ოფიციალური მონაცემებით, მე-12 ბატალიონმა თავისი ოპერაციის ზონაში ჩატარებული სამხედრო მოქმედებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
მე-12 ბატალიონი ISAF-ის მისიას, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა.