საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს" ინფორმაციით, 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა.
ორგანიზაციის განმარტებით, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს. შპს "გოგირდის აბანომ" სახელმწიფოს გადასცა 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები, შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს; შპს "ნატვრის ხემ" კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
„გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასობრივი გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.