პოლიტიკა
შსს 19 აპრილის აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია

Raribashviliსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს მიერ ახლახან გავრცელებული განცხადების თანახმად, სამინისტრო მობილიზებულია 19 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად. იგი მოუწოდებს თბილისის მერიას და თავად აქციის ორგანიზატორებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და, თავის მხრივ, უზრუნველყონ მანიფესტაციის მშვიდობიანად წარმართვა.

აღნიშნულ განცხადებაში შსს საზოგადოებას აცნობს აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების, მერიისა და ძალოვანი სტრუქტურების კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. კერძოდ, კანონის თანახმად, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს;

ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა;

ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა;

განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;

შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება;

ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან ცივი იარაღის ქონა;

ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერებების ქონა;

ალკოჰოლური სასმელების ქონა.

თავის მხრივ, პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება.