პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: “ვევედრებოდი სააკაშვილს, გაეჩერებინა ცხინვალის დაბომბვის ბრძანება, პასუხად კი მივიღე - ხვალ დილით ცხინვალში ვიზეიმებთ ერთადო!“

polit1-NEWსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 13 პრილს ოპოზიციური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პირველად იყო “რუსთავი 2“-ის თოქ-შოუ “პოზიციის“ სტუმარი.

წამყვანის შეკითხვაზე - რატომ დადგა კვლავ დღის წესრიგში 08.08.08 ომის გამოძიების საკითხი? - პასუხისას ნინო ბურჯანაძემ, კერძოდ, თქვა:

“ტალიავინის დასკვნა უმძიმეს ბრალდებებს შეიცავს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დაუმალა!.. როცა მე მიხეილ სააკაშვილს 3 აგვისტოს მისივე თხოვნით შევხვდი, გავაფრთხილე ის, რომ ჩვენი ომში ჩართვა - ეს იქნებოდა კატასტროფა ჩვენი ქვეყნისათვის!

მე მას გავახსენე პუტინთან მისი საუბარი აპრილის თვეში, როდესაც პუტინმა გააფრთხილა, რომ თუ საქართველო ჩაებმებოდა ომში და ერთი სამშვიდობო ჯარისკაცი მაინც დაიღუპებოდა, ამას მოჰყვებოდა გამოუსწორებელი შედეგები.

მე გავახსენე სააკაშვილს კონდოლიზა რაისის სიტყვები, რომლებიც მე მითხრა ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს ივნისში: “არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იყოს პროვოკაცია, არ წამოეგოთ პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ჩაერთვება ამ ომში! ჩვენ ვერ დავუწყებთ ომს რუსეთს საქართველოს გულისთვის, თქვენ დარჩებით მარტო და დამარცხდებით...“.

როდესაც მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება რუსეთთან ომი, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ერთი ქართველი ჯარისკაცი 50 რუს ჯარისკაცს უდრის. რომ ჩვენ გვაქვს უახლესი ტექნიკა და რუსებს დაჟანგული ტექნიკა აქვთ. და უნდა წავიდეთ ომზე...

ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინ არის ეს ადამიანი, რომლის მოქმედების გამოც დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები!.. სააკაშვილის განცხადებები ამოვიღოთ, ამოვიღოთ ყურაშვილის განცხადებები, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ცხინვალში! ამ დროს სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ რუსები კარგად იქცევიან, მათ შორის, სხვათა შორის, ლომაიაც აკეთებდა ასეთ განცხადებას, რომ რუსები არ ერევიან კონფლიქტში და კარგად იქცევიან... როდის გასცა სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვის ბრძანება - როდესაც მან მე დამირეკა და მართლა შევევედრე: “გააჩერე ეს ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით, ქვეყანა თავზე დაგვექცევა მეთქი!“ და პასუხად მივიღე - ხვალ დილით ცხინვალში ვიზეიმებთ ერთადო!“.