წერილში დათა ახალაია საქართველოში მომხდარ ყველა მთავარ დანაშაულში შს ექს-მინისტრს, ამჟამად - ყოფილი მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს და ამ პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატ ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.
«აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.
მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენს ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშრუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს დამარცხებაში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.
აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა.
ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი!
მე,ისევე როგორც ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას.
მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი!»
მიუხედავად იმისა, რომ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ორგზის დაუდასტურა ამ წერილის ნამდვილობა, საქინფორმს ამასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვები გაუჩნდა. საქინფორმის მიერ საკუთარი არხებით შემოწმებისას, რომლებიც გამჟღავნებას არ ექვემდებარება, ამ წერილის ნამდვილობა არ დადასტურდა.
გარდა ამისა, საქინფორმის რედაქციამ 22:30-ზე დაწერა შეტყობინება Facebook-ის გვერდზე “დათა ახალაია“ და მზადყოფნა გამოთქვა, საქინფორმის საიტზე განეთავსებინა მისი განცხადება ან ინტერვიუ, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ Facebook-ის გვერდი “დათა ახალაია“ ზემოხსენებული განცხადების გავრცელებამდე 1 საათით ადრე შეიქმნა - ანუ 2013 წლის 15 აპრილის 20 საათზე. შესაძლოა, ეს გახლდათ “მილოცვა“ ვანო მერაბიშვილისთვის, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა...
ოდნავ მოგვიანებით კი - 3 საათის შემდეგ, Facebook-ის გვერდზე, რომელიც თითქოსდა საქართველოს შს მოქმედ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, გამოქვეყნდა აშკარა სიყალბე - წერილი, რომლითაც ის საკუთარ გუნდს - დღევანდელ ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ ის აქტიურად “აბარებს“ საქართველოს რუსეთს:
“აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც მე და ჩემი გუნდი საქართველოს რუსებს ვტენით ტ...ში და არ გამოგვდის. ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიხარია ამ დაქლიავებული ხალხის ყურება, ვინც ჩვენ აგვირჩია და ახლა მილიონების შოვნაში ხელს ვერავინ გვიშლის.
ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და ახლა ვხვდები რა ადვილი ყოფილა ხალხის მოტყუება და პირში ჩალის ჩადება.
სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოს მალე რუსეთს საბოლოოდ გადაუფორმებთ და მერე ჩვენთვის ყველაფერი უფრო კარგად იქნება.
სათავე ერთი კაცია, – კაცი, რომელმაც ჩვენთან ერთად მართალია ბევრი მოატყუა მაგრამ ღირდა და აი გავიმარჯვეთ კიდეც.
ჩემთან და ჩემს გუნდთან ახლა მთავარი ამოცანა დგას რაც შეიძლება ბევრი კრიმინალი რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდეს.
ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ მილიარდობისკენ, ფულის გემო ჩვენც გაგვაგებინა.
მე ღრმად მწამს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი მე და ჩემიანები ოცნებას ვერასოდეს ავიხდენდით იმ ოცნებას, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა. დიდება მას და იყოს მუდამ ნათელი და ხალასი მის სახეზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხიდაშელი და სხვა დაბერწებული რესპუბლიკელები ვერასდროს ვერაფერს მოგვჭამს!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი გადაარჩენს საქართველოს და ჩვენი ხსნა მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ქვეყანაშია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიქნებით სულ და მარად ჟამს და საქართველოს დიდ რუსეთს მალე ბოლომდე გადაუფორმებთ.
ვფიქრობ, დადგა დრო და მყარად მაქვს გადაწყვეტილი უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად ბოლომდე ვიხმარო საქართველო და ამას წინ ვეღარავინ დაუდგება.“