რელიგია
მეუფე სტეფანე: “ახლა "კრიშიდან" "კოჰაბიტაციაზე" გადავედით!”

stefane-religსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ჟურნალისტი მეტყველებისას გარკვეულ სტანდარტებს აუცილებლად უნდა იცავდეს, - ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ ქართულ ენასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მან მოსახლეობასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მეცნიერული ანალიზის გარეშე, შეუიარაღებელი თვალით დაინახა.

"ვფიქრობ, ჟურნალისტმა რომ მუშაობა შეძლოს, მას გარკვეული გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. ესეც პროფესიული უნარია, რომ ქართული მეტყველება ნორმალურად შეეძლოს. ესეც საზოგადოების მოთხოვნაა", - აღნიშნა მან.

მეუფე სტეფანეს განმარტებით, უცხო სიტყვის ქართულით ჩანაცვლების მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩნდება. "თუნდაც ავიღოთ ეს ყბადაღებული "კოჰაბიტაცია". რაღაც ტერმინი უაზროდ შემოვარდება და ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს. ნეტავ, რადიო-ტელევიზიებში ასეთი თავგამოდებით რაიმე ნორმალური ითქმოდეს. კიდევ "ტრენინგები" და "ტრენერები" - ყველანი ფეხბურთელები და რაგბისტები გავხდით. "მასწავლებელი", "სწავლება" აღარ არის. იგივე "მონიტორინგი", "მენტორი"... ათასი რაღაც არსებობს, რისი თქმაც ქართულად შეიძლება. ჩვენ ხომ "ფეხბურთს" ვამბობთ და არა "ფუტბოლს". ესე იგი, სწორი გამოცდილება გვაქვს. ახლა "კრიშიდან" "კოჰაბიტაციაზე" გადავედით. ესეც არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს", - განაცხადა მან.