ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საგანგებო სტატუსით მოწვეული იყვნენ საქართველოში მცხოვრები უნარშეზღუდული ბავშვები. დედაენის დღის მონაწილეთათვის კონცერტი გამართეს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა, თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ხალხური სიმღერები შეასრულეს ანსამბლ ,,რუსთავის" უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა გოგიტა ბიგანიშვილის ხელმძღვანელობით. ამასთან, დედაენის ბაღში გაიმართა ბავშვთა ნახატების გამოფენა, ღონისძიების დაწყებამდე ბავშვებმა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ფერადი ცარცებით მოხატეს ქვაფენილი. დედაენის დღესასწაული ბავშვებს ,,მულტი-პულტის" გმირებმა მიულოცეს. საზეიმო ღონიძიების დასასრულს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები: მთაწმინდის ,,ბომბორას” პარკის ბილეთები და ,,ბარამბინოს” ტკბილეული გადასცეს.