სამართალი
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა, ზურაბ ადეიშვილს საქართველოში მაინც დააბრუნებენ. მისივე განმარტებით, იუსტიციის ექს-მინისტრი უნგრეთში არ იმყოფება.
„უნგრეთის სახელმწიფომ უარყო, რომ ადეიშვილი მის ტერიტორიაზეა. შსს-სა და პროკურატურასთან ერთად საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ვმუშაობთ. მისი გაქცევიდან ჯერ მხოლოდ 6 თვეა გასული. ეს არ არის ის დრო, რომ პანიკამ მოგვიცვას, ადეიშვილს ვერ დავაბრუნებთო. სიმართლე ყოველთვის ზეიმობს და ექვს თვეში იქნება თუ ათში, მას მაინც დავაბრუნებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.